ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერი, გლობალური SHIP ექსპერიმენტის სპიკერი, პროფესორი ანდრეი გოლუტვინი საჯარო ლექციით წარსდგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერი, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპიკერი, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორი ანდრეი გოლუტვინი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – New Horizons in Particle Phisics with the SHiP Experiment („ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“) წარსდგა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერის საჯარო ლექციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პედაგოგები და მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები, სტუ-ში ასევე სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი ტიციანო კამპორეზი ესწრებოდნენ.

საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN-ის მეცნიერი ანდრეი გოლუტვინი წარუდგინა. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერი და Imperial College London-ის ფიზიკის პროფესორი უკვე მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი თქმით, პროფესორი გოლუტვინი სხვადასხვა დროს მუშაობდა HERA-B კალორიმეტრის პროექტზე, ხელმძღვანელობდა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე LHCb კალორიმეტრის პროექტსა და იყო LHCb ექსპერიმენტის სპიკერი. თამარ ლომინაძის განცხადებით, გოლუტვინი, რომელიც 2013 წლიდან SHiP ექსპერიმენტის ინიციატორია, CERN-მა ამ კოლაბორაციის სპიკერად აირჩია, ხოლო ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნი აღიარება მოიპოვა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საზოგადოებაში.

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერისა და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, ShiP კოლაბორაცია სულ უფრო ფართოვდება, სადღეისოდ ექსპერიმენტში ჩართულია 250 ავტორი-მეცნიერი მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციიდან. მისი თქმით, ShiP ექსპერიმენტი CERN-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად 2024 წლის მარტში დაამტკიცა და ახლო მომავალში მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრებიც აქტიურად ჩაერთვებიან. როგორც ზვიად წამალაიძემ აღნიშნა, საჯარო ლექცია, რომელიც მოიცავს CERN-ის ფიზიკოსის მრავალწლიან გამოცდილებას და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს მრავალმხრივ დააინტერესებს.

საჯარო ლექციის – „ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“ – ფარგლებში, პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN-ის SHiP (Search for Hidden Particles) ექსპერიმენტი ერთ-ერთი გლობალური პროექტია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც აღმოაჩენს სამყაროში დამალულ, მსუბუქ და სუსტად ურთიერთქმედებად ნაწილაკებს. ექსპერიმენტი ეძიებს ახალ ფიზიკურ მოვლენებს, რითაც შეიძლება პასუხი გაეცეს მატერიისა და ანტიმატერიის ასიმეტრიის, ნეიტრინოების მასებისა და შერევის კანონზომიერებებს, ასევე ბნელი მატერიის წარმომავლობას.

როგორც მეცნიერი ამბობს, ShiP ექსპერიმენტს უნიკალური დიზაინი აქვს, რაც საშუალებას აძლევს დეტექტორს აღმოაჩინოს უსუსტესი სიგნალები, რაც უტყუარი პროცესების არსებობის დასტურია. ექსპერიმენტი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გუნდს, მოიცავს ასობით ფიზიკოსს და ინჟინერს, ხოლო ექსპერიმენტის შედეგები შეიძლება გახდეს ბლოკჩეინი ახალი თეორიული მოდელების შემოწმებისა და ელემენტარული ნაწილაკების ფუნდამენტური კანონზომიერებების უფრო ღრმად შემეცნებისთვის.

საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება დაგეგმილია 2031 წლიდან, ხოლო პირველი მონაცემების შეგროვება კი 2032-2033 წლებში განხორციელდება.

საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.

სტუ-ის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ასევე ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არასრულწლოვანს, სალონში შესულ კლიენტებთან, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი: აშშ ჩინეთთან შეთანხმებას დადებს და ეს ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დადებს და ეს „ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება“.ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ეს უკეთესია, ვიდრე ჩხუბი და „ყველანაირ პრობლემასთან შეჭიდება“.„სამყარო გვიყურებს და ვფიქრობ, გვექნება რაღაც, რაც ყველასთვის ამაღელვებელი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ხუთშაბათს შეხვდება, სადაც ისინი სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ.

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება – სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება. სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო. რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან 54 მიიღო, 45-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან, მათი თქმით, ეს ზღუდავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის.რესპუბლიკელები კი ე.წ. შათდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ. მთავრობის მუშაობა შეერთებულ შტატებში უკვე 28 დღეა შეჩერებულია.

ქართველი ემიგრანტი ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.„დღეს მწუხარედ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მეგობარი ― ავთო (ალექსანდრე კაკაბაძე) ― ავარიის შედეგად ამერიკაში გარდაიცვალა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ავთო უყვარდა. ნათელი იყოს მისი გზა და ღმერთმა აჩუქოს სიმშვიდე“. „ავთანდილ, ბიჭო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო გულიანო, უსაყვარლესო ადამიანო. გული დამეთუთქა, 9 ოქტომბერს დაბადების დღე მოგილოცე, როგორ გაგიხარდა, მადლობა გადამიხადე, მადლობას მე გიხდი ყველაფრისთვის, რამხელა ბედნიერება მომანიჭე, როდესაც დამეხმარე და 10 წლის უნახავი შვილი საბერძნეთში ჩამომაყვანინე და გულში ჩამიხუტე, ჩემთან ერთად აეროპორტში იყავი, ძალას მაძლევდი, ავთო“.„საოცარი ადამიანი, აცხონოს უფალმა ავთოს სული“.  „როგორი მოულოდნელი იყო შენი ამბის გაგება ჩემო ავთო, ნათელში გამყოფოს უფალმა, მენანები ჩემო ტკბილო და კეთილო ბიძაშვილო".„ვაიმე, როგორ მეტკინა გული, ვერ ვიჯერებ რომ შენ აღარ ხარ ავთო, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას ნიშნავდეს.„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

ბოლო სიახლეები