ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასარჩელო მოთხოვნაა სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია გირჩი, დროა“, ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

შალვა პაპუაშვილმა სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებაზე ისაუბრა.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.

ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.

დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაისთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.

ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.

სამართლებრივი დასაბუთება

კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა

ადამიანის უფლებების ხელყოფა

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ

პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,

მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,

პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,

ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.

საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.

3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.

4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.

ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადჰყოფს.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.

2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო აფხაზეთი“.

2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.

2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.

აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმდებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.

ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.

2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა  არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელდებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,

ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.

ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.

ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურლი ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:

რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,

რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.

აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.

ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომდგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულეობში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.

ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქართველი ემიგრანტი ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.„დღეს მწუხარედ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მეგობარი ― ავთო (ალექსანდრე კაკაბაძე) ― ავარიის შედეგად ამერიკაში გარდაიცვალა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ავთო უყვარდა. ნათელი იყოს მისი გზა და ღმერთმა აჩუქოს სიმშვიდე“. „ავთანდილ, ბიჭო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო გულიანო, უსაყვარლესო ადამიანო. გული დამეთუთქა, 9 ოქტომბერს დაბადების დღე მოგილოცე, როგორ გაგიხარდა, მადლობა გადამიხადე, მადლობას მე გიხდი ყველაფრისთვის, რამხელა ბედნიერება მომანიჭე, როდესაც დამეხმარე და 10 წლის უნახავი შვილი საბერძნეთში ჩამომაყვანინე და გულში ჩამიხუტე, ჩემთან ერთად აეროპორტში იყავი, ძალას მაძლევდი, ავთო“.„საოცარი ადამიანი, აცხონოს უფალმა ავთოს სული“.  „როგორი მოულოდნელი იყო შენი ამბის გაგება ჩემო ავთო, ნათელში გამყოფოს უფალმა, მენანები ჩემო ტკბილო და კეთილო ბიძაშვილო".„ვაიმე, როგორ მეტკინა გული, ვერ ვიჯერებ რომ შენ აღარ ხარ ავთო, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას ნიშნავდეს.„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

„ლელო“ – არ ვაპირებთ, გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია, სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“, მაინც გაგისტუმრებთ, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ

ბიძინა ივანიშვილი აუქმებს დემოკრატიას და აუქმებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ НКВД-ს სადამსჯელო რეპრესიული მანქანა სრული ძალით აამოქმედა და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის, რომელიც დაფუძნების დღიდან არღვევდა მანკიერ პოლიტიკურ ორპოლუსიანობას და ქმნიდა რეალურ ალტერნატივას რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.მათივე განცხადებით, „ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში.„ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს, რომლებსაც 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ აურჩევია და რომელთა ხმებიც მოიპარა, ეუბნება, რომ მათ აღარ დარჩებათ სხვა არჩევანი. ეუბნება, რომ ისინი უნდა იყვნენ საბჭოთა საქართველოს, დღევანდელი რუსეთისა და ბელარუსიის მოდელის ქვეყნის მოქალაქეები. მას უნდა საქართველოსგან შექმნას ჩრდილოეთ კორეა.„ძლიერი საქართველო – ლელო“ დღიდან დაფუძნებისა, იბრძოდა და იბრძვის ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გადასარჩენად, მისი ევროპული მომავლისთვის.ჩვენ უკვე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კონსტიტუციური მექანიზმი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის მექანიმზი, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ნაშთები. ჩვენ არ ვაპირებთ, გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია და დავუთმოთ ჩვენი ამორჩევლების, ქართველი ხალხის ინტერესები ბიძინა ივანიშვილსა და მის რუსულ, კორუმპირებულ დაჯგუფებას.ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში. ამ ბრძოლაში ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერას და მადლიერები ვართ ამ თავდადებისთვის.მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება.„ძლიერი საქართველო – ლელო“ არის პარტია, რომელმაც რეალური ალტერნატივა მისცა ქართველ ამომრჩეველს და წლების განმავლობაში იცავს მის ინტერესებს. გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და გავაგრძელებთ წინააღმდეგობის ეფექტიანი სტრატეგიების შეთავაზებას ქართული საზოგადოებისთვის.ბრძოლა გრძელდება, ის არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ აღდგება დემოკრატია და არ აღდგება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“, მაინც გაგისტუმრებთ“, – აღნიშნულია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ისრაელმა ქალაქ ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა – „გარდიანი“

ისრაელმა ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.როგორც მედია იუწყება, ისრაელმა, სულ მცირე, სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმები მიმართული იყო ღაზას ჩრდილოეთით, ყველაზე დიდი, ჯერ კიდევ მოქმედი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ აჭიანურებს გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერი, გლობალური SHIP ექსპერიმენტის სპიკერი, პროფესორი ანდრეი გოლუტვინი საჯარო ლექციით წარსდგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერი, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპიკერი, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორი ანდრეი გოლუტვინი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით - New Horizons in Particle Phisics with the SHiP Experiment („ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“) წარსდგა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერის საჯარო ლექციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პედაგოგები და მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები, სტუ-ში ასევე სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი ტიციანო კამპორეზი ესწრებოდნენ.საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN-ის მეცნიერი ანდრეი გოლუტვინი წარუდგინა. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერი და Imperial College London-ის ფიზიკის პროფესორი უკვე მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი თქმით, პროფესორი გოლუტვინი სხვადასხვა დროს მუშაობდა HERA-B კალორიმეტრის პროექტზე, ხელმძღვანელობდა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე LHCb კალორიმეტრის პროექტსა და იყო LHCb ექსპერიმენტის სპიკერი. თამარ ლომინაძის განცხადებით, გოლუტვინი, რომელიც 2013 წლიდან SHiP ექსპერიმენტის ინიციატორია, CERN-მა ამ კოლაბორაციის სპიკერად აირჩია, ხოლო ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნი აღიარება მოიპოვა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საზოგადოებაში.სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერისა და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, ShiP კოლაბორაცია სულ უფრო ფართოვდება, სადღეისოდ ექსპერიმენტში ჩართულია 250 ავტორი-მეცნიერი მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციიდან. მისი თქმით, ShiP ექსპერიმენტი CERN-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად 2024 წლის მარტში დაამტკიცა და ახლო მომავალში მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრებიც აქტიურად ჩაერთვებიან. როგორც ზვიად წამალაიძემ აღნიშნა, საჯარო ლექცია, რომელიც მოიცავს CERN-ის ფიზიკოსის მრავალწლიან გამოცდილებას და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს მრავალმხრივ დააინტერესებს.საჯარო ლექციის - „ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“ - ფარგლებში, პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN-ის SHiP (Search for Hidden Particles) ექსპერიმენტი ერთ-ერთი გლობალური პროექტია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც აღმოაჩენს სამყაროში დამალულ, მსუბუქ და სუსტად ურთიერთქმედებად ნაწილაკებს. ექსპერიმენტი ეძიებს ახალ ფიზიკურ მოვლენებს, რითაც შეიძლება პასუხი გაეცეს მატერიისა და ანტიმატერიის ასიმეტრიის, ნეიტრინოების მასებისა და შერევის კანონზომიერებებს, ასევე ბნელი მატერიის წარმომავლობას.როგორც მეცნიერი ამბობს, ShiP ექსპერიმენტს უნიკალური დიზაინი აქვს, რაც საშუალებას აძლევს დეტექტორს აღმოაჩინოს უსუსტესი სიგნალები, რაც უტყუარი პროცესების არსებობის დასტურია. ექსპერიმენტი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გუნდს, მოიცავს ასობით ფიზიკოსს და ინჟინერს, ხოლო ექსპერიმენტის შედეგები შეიძლება გახდეს ბლოკჩეინი ახალი თეორიული მოდელების შემოწმებისა და ელემენტარული ნაწილაკების ფუნდამენტური კანონზომიერებების უფრო ღრმად შემეცნებისთვის.საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება დაგეგმილია 2031 წლიდან, ხოლო პირველი მონაცემების შეგროვება კი 2032-2033 წლებში განხორციელდება.საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.სტუ-ის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ასევე ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი გამართავს.

ბოლო სიახლეები