აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს, – ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი უკრაინას „განადგურებით“ დაემუქრა. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები, მოითხოვა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის ჩაებარებინა და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ლიდერის მიერ ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას წამოჭრილი საკითხები.
ამასთან, სტატიის მიხედვით, ზელენსკი და მისი გუნდი თეთრ სახლში იმ იმედით მივიდნენ, რომ ტრამპს დაარწმუნებდნენ, რომ მათთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიეწოდებინა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ ამაზე უარი თქვა.
ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ევროპელი ოფიციალური პირის სიტყვებით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ, პუტინის თქმით, კონფლიქტი იყო „სპეციალური ოპერაცია და არა ომი“ და დასძინა, რომ უკრაინის ლიდერს შეთანხმების დადება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა განადგურდება.
როგორც გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ტრამპმა შეხვედრისას ასევე თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა „შესანიშნავად ფუნქციონირებს“. ამასთან, ზელენსკიმ საბოლოოდ მოახერხა ტრამპის დარწმუნება, რომ ფრონტის ამჟამინდელი ხაზების გაყინვას მხარს დაუჭერდა.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მხარეებმა ომი უნდა შეწყვიტონ ფრონტის ხაზზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო.
თეთრ სახლში გამართული დისკუსიების შესახებ ინფორმირებულმა კიდევ სამმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ ტრამპმა შეხვედრის დიდი ნაწილი ზელენსკისთვის ლექციების კითხვას დაუთმო, კონფლიქტთან დაკავშირებით პუტინის არგუმენტებს იმეორებდა და მას რუსეთის წინადადების მიღებისკენ მოუწოდებდა.