საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის საინჟინრო მიმართულებების მეცნიერ-მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს, პროფესორ როჯერ ვ. გონსალესს შეხვდნენ და მასთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროს განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში როჯერ ვ. გონსალესმა, ქართველი კოლეგების უშუალო ჩართულობით, გამართა სემინარი თემაზე – „თანამედროვე გამოწვევები საინჟინრო განათლებაში“.
სტუ-ს ცნობით, შეკრებილ საზოგადოებას ამერიკელი მეცნიერი და ექსპერტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა წარუდგინა. თამარ ლომინაძემ როჯერ გონსალესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მიღწევები გააცნო. ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან – მათ შორის: შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკაში FERMILAB-თან – მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ; მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების, მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო კვლევითი პრიორიტეტების შესახებ.
სემინარის ფარგლებში სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: საინჟინრო განათლების გლობალური განვითარების მიმართულებები სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობა და თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მათი მოყვანა; საინჟინრო კომპეტენციასთან ერთად ლიდერობისა და პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობა; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების შედარებითი ანალიზი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მაგალითზე.
სემინარის დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, პროფესორ როჯერ გონსალესთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ამერიკელი მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს თავიანთი ხედვები გაუზიარეს.
ცნობისათვის, როჯერ ვ. გონსალესი (Roger V. Gonzalez – PhD, PE, F.ASME, F.AIMBE) ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) ელ-პასოს ფაკულტეტის წევრი, საინჟინრო ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და საინჟინრო განათლებისა და ლიდერობის დეპარტამენტის პირველი თავმჯდომარეა; არის ბიომედიცინისა და მექანიკური ინჟინერიის ექსპერტი და ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) მოქმედი ექსპერტი; ხელმძღვანელობს მაიკ ლოიას სახელობის ინჟინერიის ენდოუნდ-კათედრას და ინტეგრირებული საინჟინრო ალიანსის (A4IE.org) თავმჯდომარეა. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა აღიარებულია არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი; არის ამერიკის მექანიკური ინჟინერების საზოგადოების (ASME) და ამერიკის სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ინსტიტუტის (AIMBE) ფელოუ; მისი დაფუძნებულია გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია LIMBS International-ი, რომელიც დაბალფასიან პროთეზულ მოწყობილობებს ქმნის და ამით დახმარებას უწევს განვითარებადი ქვეყნების მოწყვლად მოქალაქეებს.