მატჩის შემდეგ, ცხელი ემოციების დროს რთულია ყველაფრის სწორად აღქმა და გადმოცემა, თუმცა ამ დროსაც კი გვაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი აუცილებლად მისაღებია.
ახალ ციკლში ნათლად ჩანდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაში ბევრ კითხვას აჩენდა, თუმცა ბოლო მატჩის შემდეგ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარაა, კითხვები კონკრეტულად ბოლო მატჩიდან.
1. ბოლო წლების ყველაზე შემტევი პოტენციალის საქართველოს ნაკრები გააზრებულ შეტევას ვერ აკეთებს
2. 173 სმ სიმაღლის ოთარ კიტეიშვილს სტანდარტულებზე 190 სმ მერიჰ დემირალის აყვანა დაავალეს. 3 მცდელობიდან თურქმა სამივეჯერ კარში დაარტყა, ორჯერ გაიტანა
3. როგორც გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვიკითხე, ბოლო მატჩებში ვილიმ მარცხენა მცველის პოზიციაზე პოზიციით მარცხენა მცველის გარდა რამდენიმე სხვა პოზიციის მოთამაშე გამოიყენა. განაცხადში ერთადერთი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც 1 წუთიც არ მიეცა.
არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფეხბურთელებზე, ვისაც რა პოზიციაზე დააყენებენ, ისინი მაქსიმალურის გაღებას ცდილობენ, თუმცა მარცხენა მცველის არყოფნაში ხვიჩა კვარაცხელიას შემტევ პოტენციალს ვანახევრებთ.
4. ახალ ციკლში საფეხბურთო ქიმია გუნდსა და მწვრთნელს შორის გამქრალია. ცეცხლოვანი მუხტი ჩვენს თამაშსა და შეტევებში გაქრა.
მადლობელი ვართ იმ ისტორიისთვის, რომელიც ამ სამწვრთნელო შტაბმა ჩვენი ქვეყნისთვის დაწერა, თუმცა ამ დაკარგული საფეხბურთო ენის ფონზე, ვფიქრობთ, ორივე მხარისთვის აჯობებს ისტორიის დასრულება. ისტორიის, რომელიც ოდესღაც ყველგან სრულდება.