ჯო უილსონს 20-წლიან კარიერაში 200-ზე მეტი ინიციატივა ჰქონდა და კანონად მხოლოდ ერთი იქცა, „მეგობარი აქტი“ შეიძლება, გახდეს მეორე, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, – პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.
ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, „მეგობარი აქტი“ მიღებული რომც ყოფილიყო, არაფერს შეცვლიდა და სამყაროზე პიარული ეფექტის გარდა, არანაირი გავლენა არ ექნებოდა.
„ჯო უილსონს 20-წლიან კარიერაში 200-ზე მეტი ინიციატივა ჰქონდა და კანონად მხოლოდ ერთი იქცა. „მეგობარი აქტი“ შეიძლება, გახდეს მეორე და ჯო უილსონის წარმატება გაორმაგდეს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ეს აქტი მიღებული რომც ყოფილიყო, საბოლოო ჯამში, არაფერს შეცვლიდა და სამყაროზე პიარული ეფექტის გარდა, არანაირი გავლენა არ ექნებოდა. მთელი ეს ხმაური, რაც „მეგობარი აქტის“ ირგვლივაა ატეხილი, მხოლოდ პიარია, რომელსაც ხან „ნაცმოძრაობა“ იყენებს, იმისთვის რომ „ქართულ ოცნებას“ დაემუქროს და, ხან თავად „ქართული ოცნება“, რომ თქვას, თითქოს ვიღაცა ებრძვის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.