ჩვენ უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი. ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა, როდესაც გვესმის გამაყრუებელი დუმილი ბრიუსელისა და მისი საელჩოების მხრიდან. ასე იყო ზუსტად შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს, არცერთი განცხადება დღემდე არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ დაეგმოთ პარლამენტზე თავდასხმა. ამან შეაგულიანა ზუსტად ეს მოძალადე ჯგუფები, რომ ახლა უკვე თავს დასხმოდნენ პრეზიდენტის სასახლეს და აქაც არის დუმილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, ეს არის ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავების პირდაპირი მხარდაჭერა.
„ამიტომ, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავებისა. ეს არის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიხილეთ ჯერ პრესსპიკერის განცხადებაში, როდესაც 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მხარი დაუჭირა და ახლა ვხედავთ მათი დუმილით და ეს ასე უნდა მივიღოთ ქართველმა ხალხმა. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ვხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის შტორმით აღების მცდელობის პარალელურად და მე გუშინ გამოვაქვეყნე წუთობრივი შედარება. პარალელურად, მაშინ, როდესაც ლამის ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდებოდა და ვიდექით ზღვარზე ამისა, რომ აქ ატეხილიყო ქაოსი, ზუსტად ამის პარალელურად ვხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტს, რომელმაც პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, ძალადობას და ა.შ. პირდაპირ, პარალელურად ამისა, ვხედავდით ამ ყველაფერს, ვინაიდან აშკარა იყო, რომ იყო მხარდაჭერილი ეს ძალადობა გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.