საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა შვედეთში, ქალაქ გოთენბურგში ევროპის უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში – EAIE 2025 Conference and Exhibition, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ორგანიზაციების და განათლების სფეროს ექსპერტები იყვნენ შეკრებილნი, მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ქსელების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, ერთობლივი პროექტებისა და სტუდენტთა მობილობის პროგრამების განხორციელება.
როგორც სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, EAIE კონფერენცია წარმოადგენს ევროპაში უმსხვილეს პლატფორმას უმაღლესი განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ ახალი აკადემიური პარტნიორობები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ თანამედროვე ტენდენციები განათლების სფეროში. თეა მურვანიძის თქმით, EAIE 2025 Conference and Exhibition კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მის მიზანმიმართულობას საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
„EAIE 2025-ში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად ინტეგრირდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, განავითაროს პარტნიორობა ევროპისა და მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და კოლეგებს გაუზიაროს გამოცდილება. ამის გარდა, კონფერენცია უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. გამოფენის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შედეგად, მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებებს, დავამყარეთ ახალი საერთაშორისო კონტაქტები, ხოლო არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავეთ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერნაციონალიზაციის პროცესების განვითარებასა და Erasmus+ და Horizon Europe პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებას”, – აცხადებს თეა მურვანიძე.
სტუ-ის გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის თქმით, EAIE 2025 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ერთობლივი სტენდი, სადაც ქვეყნის წამყვანმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარმოადგინეს თავიანთი საერთაშორისო აქტივობები და პარტნიორული შესაძლებლობები.
„გამოფენაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის აქტიურ როლს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს, რომლის მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში და საქართველოს სტენდი ღირსეულად წარგვედგინა”, – აცხადებს გიორგი მიქიაშვილი. სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასა და ევროპული პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.