ქვეყანაში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე, ოდირ-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ძალადობრივი აქციების გამო.
„საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და ჯარიმების დაწესება მათი უფლებების გამოყენებისთვის. ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ იყვნენ სამიზნე და მოისმინონ მათი ხმა, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნავს ოდირ-ის დირექტორი მარია თელალიანი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებლად მიწვევა გაიგზავნა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, რამაც არასაკმარისი დრო დატოვა სანდო და მნიშვნელოვანი დაკვირვებისთვის ოდირ-ის დამკვიდრებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
„ამან ქვეყნის მოქალაქეები და ინსტიტუტები მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების გარეშე დატოვა. ეუთო-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის და აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს სივრცე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვანი და თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობისთვის. თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირ-ი მზად არის, ჩაერთოს საქართველოსთან და დაუჭიროს მხარი ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავი ბოლოდროინდელი კანონმდებლობა აგრძელებს მათი გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ხელშეშლას“.
„როგორც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა გასულ წელს იურიდიულ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს და უნდა გაუქმდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლების უფლება თავისი საერთაშორისო და ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, აქციებზე მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრებასთან ერთად, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც ზოგადი წესი, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავი უნდა აარიდონ ძალის გამოყენებას საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ეს ყოველთვის უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, იყოს აუცილებელი და პროპორციული სიტუაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – ნათქვამია განცხადებაში.