გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას პოლონელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
საუბარია გამოცემა „პარტიზანთან“ ინტერვიუზე, რომელშიც ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ 2021 წლის ივნისში „იგრძნო, რომ პუტინი მეტად აღარ აღიქვამს სერიოზულად „მინსკის შეთანხმებას“.
ყოფილი კანცლერის თქმით, მაშინ მოინდობა კრემლთან მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნა, თუმცა ამ იდეას ხორცი არ შეესხა, რის მიზეზადაც მერკელმა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგობა დაასახელა. საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერკელის ამ სიტყვების დაჯერება არ ღირს.
„ამ განცხადებას ისეთივე ინტერპრეტაციას ვაძლევ, როგორიცაა, მაგალითად, კანცლერის განცხადება, თითქოს ცენტრალურ ევროპაში არავინ გამოდიოდა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ წინააღმდეგ. შეგახსენებთ, მაშინ მე ვამბობდი, რომ არ მოგვწონს შეთანხმებები, რომლებსაც ჩვენს ზურგს უკან აფორმებენ. კანცლერს ალბათ დაავიწყდა, როგორ გამოიყურებოდა ეს მაშინ და რას აკეთებდა მისი მთავრობა“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
ანგელა მერკელის განცხადება პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გააკრიტიკა. მისი თქმით, რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებაში მთავარი ბრალი მერკელს მიუძღვის.
„მერკელმა აირჩია პუტინი, მისი სიტყვებიდან კი ისე ჩანს, რომ დამნაშავე კანცლერი კი არაა, რომელმაც ევროპა რუსეთზე დამოკიდებული გახდა, არამედ პოლონეთი, რომელიც ყველას აფრთხილებდა პუტინის საფრთხეზე? ეს გროტესკია, მსხვერპლისა და დამნაშავის ჩანაცვლება. მერკელმა აირჩია კომპრომისი რუსეთთან, მაგრამ ომი მაინც მოვიდა. ახლა კი, პოლონეთს ადანაშაულებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში მატეუშ მორავიეცკიმ.