ოთხშაბათი, ოქტომბერი 8, 2025

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორ წიქვაძე აღნიშნავს, ამერიკულ გამოცემაში ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატია არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ 2025 წლის 5 ოქტომბერს The New York Times-ში დაიბეჭდა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჟურნალისტი Philip Shishkin-ისათვის დაკვეთილი სტატია, რომლის ,,საგანი“ უნდა ყოფილიყო დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხები.

აღნიშნული სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ The New York Times, ისევე როგორც The Guardian, ზუსტად იგივე გავლენის ქვეშ არიან და მოქმედებენ, როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები, რომლებიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსუყედ ფინანსდებიან მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, მოპარული აქტივების ხარჯზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახულ და უაპელაციოდ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. დაზარალებული მხარის პოზიციები, ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხები კი გადმოცემულია ზოგადი, აბსტრაქტული სახით იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად წარმოჩენილიყო თითქოსდა მათი სისუსტე, დაუსაბუთებლობა. ამავდროულად, მნიშვნელოვან კითხვებზე დაზარალებული მხარის ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები, რომლებიც სტატიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მხრიდან მათთვის არამომგებიანად იქნა მიჩნეული, საერთოდ არ არის ასახული ტექსტში (მაგალითად, საქმის პოლიტიკურ მოტივაციასთან და თითქოსდა ბაჩიაშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან, მხარეებს შორის მორიგების მცდელობასთან, ბაჩიაშვილის მიერ თავისივე ჩვენებებზე უარის თქმასთან, ციხეში თითქოს სამარტოო საკანში ყოფნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული პასუხები). დეტალურ განხილვაში არც კი შევალ, რადგან აღნიშნულის ღირსნი არ არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერად მოქმედი დაინტერესებული პირები.

ამავდროულად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სტატია აშკარად გაცდენილია ,,განხილვის საგანს“, ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საკითხის ფარგლებს. მასში საუბარია პოლიტიკური შინაარსის/დატვირთვის მქონე საკითხებზე (მაგალითად, „გაყალბებულ არჩევნებზე“, ავტორიტარიზმზე, ერთი პირის მიერ ძალაუფლების ხელშე ჩაგდებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში-მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნგრეთში და ა.შ), რაც იმაზე მეტყველებს, რომ არც ბაჩიაშვილია მხოლოდ დამკვეთის როლში და ბევრად უფრო ღრმა პროცესებთან გვაქვს საქმე. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, სტატიის ავტორი გვევლინება არა როგორც ობიექტური მთხრობელი, არამედ პირდაპირ შეფასებებსა და დასკვნებს სთავაზობს მკითხველს, როგორც ჭეშმარიტებას.

ამ ფონზე, ადამიანს შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუებაც კი დაეუფლოს, რადგან მაინც მსოფლიოს მაშტაბით ცნობილ მედიასაშუალებებზეა საუბარი. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტიც კი, იძულებული გახდა The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სარჩელი შეეტანა ფლორიდის სასამართლოში, გარკვეულწილად ყველაფერს ნათელს ხდის და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის გონებაში არ ტოვებს იმედგაცრუებისთვის ადგილს.

ბატონი დონალდ ტრამპის შეფასებით, მან სარჩელი შეიტანა რადიკალი მემარცხენეების მიერ მხარდაჭერილი „ქვეყნის ისტრორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ“, ხოლო სარჩელით აღნიშნულ მედიას ედავება ბოროტი განზრახვით დამახინჯებული და ტყუილებით სავსე ინფორმაციის გავრცელებას.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამას ამბობს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ის სტატია, რაც ბაჩიაშვილის საქმესთან (არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, საკითხების ბევრად უფრო ფართო სპექტრს ეხება სტატიის ტექსტი) დაკავშირებით გამოქვეყნდა, არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ნათელია, რომ გარკვეული ისტორიისა და ოდესღაც რეპუტაციის მქონე ეს მსხვილი „მედიები“, დღეს არაფრით განსხვავდებიან ლოკალური (ვგულისხმობ საქართველოში მოქმედ ზოგიერთ მედიას), ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე „მედიებისგან“, მოქმედებენ იგივე პრინციპებითა და მიზნებით, რაც ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ამავდრულად“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – „ლელომ“, გახარიამ აღიარეს არჩევნები, ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს, ახლა პრეტენზია აღარ აქვთ?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ აღიარეს არჩევნები, იმ პირობებში, როდესაც შარშანდელ არჩევნებთან შედარებით, ნახევარი ხმა მიიღეს.პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ დაკვეთით მუშაობენ.„ლელომ“, გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს“, ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ. სინამდვილეში, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა, რომ დაკვეთით მუშაობენ. ეტყვიან, ასე გააკეთე, ასე გააკეთებენ, სხვა რამეს ეტყვიან, სხვანაირად გააკეთებენ. ამიტომ ირცხვენენ თავს, ამიტომაც სამჯერ ნაკლები ხმა აიღეს ამ არჩევნებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

პროფესორი მარინე ჩიტაშვილი: 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, სისხლი, გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი...

პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა გადაცემაში "ახალი ფორმულა" 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა.მარინე ჩიტაშვილი 4 ოქტომბერს აფასებს, როგორც „არარაციონალურად დაგეგმილი“ და აცხადებს, რომ ეს დღე იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მოვლენები განვითარდებოდა უფრო დრამატულად იქნებოდა სისხლი, მსხვერპლი და გასროლა."მე მგონია, რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა. იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი. იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ რეალური არჩევანი არ გვქონია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანა ჩადგეს ისევ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში“,- განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი

პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საზოგადოება უსმენდა ორგანიზატორებს, რომლებიც დადგნენ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე, მათ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის აღებისკენ და გასაღების ჩაბარებისკენ, დღეს კი ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით.„ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი, მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე, შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან, ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად გაქრნენ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რადგან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადებები, რომ მშვიდობიან დამხობას უერთდებოდა ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის, „ლელოდან“, მაგრამ შემდეგ პროცესები როგორც განვითარდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ხუთი ადამიანი დარჩა სცენაზე, დანარჩენები კი არ ჩანდნენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გემი როცა იძირება, ვირთხები გარბიან.„საით გარბიან ხოლმე ვირთხები, როცა გემი იძირება? აი, ასე ვირთხებივით გაიქცა ყველა. ასე ვირთხებივით გაიქცნენ თავის დროზე, როდესაც საქართველოში 2008 წელს ომი იყო, გარბოდნენ საზღვრისკენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე ვირთხებივით გარბიან ყოველი ჯერზე. ჩვენ ვნახეთ, სხვა დროს რომ ყოყლოჩინობენ პოლიტიკოსები, დღეს თავის მართლება უწევთ, სად იყვნენ, რუსთაველზე რატომ არ იყვნენ, ერთს რომ აკავებდნენ, მეორე სად იყო და ასე შემდეგ. ყველა ვირთხები ვიცი იყო გაფანტული, ზოგის სახლიდან აიყვანეს შემდეგ და ზოგი საავადმყოფოდან გულყრებით. ასე რომ, ეს არის ბუნება მოღალატის და ასე იქნება ყოველთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ვითომ ნათამაშები მიამიტობა, თითქოს რაღაც მშვიდობიან დამხობას აწყობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა მომხდარიყო ის, რაც დაანონსებული იყო და ის, რაც დღეს მათ ერთ-ერთ პროპაგანდის გაეპარა.„უნდა მომხდარიყო სისხლისღვრა, იარაღის გასროლა და მსხვერპლი. აი, ეს უნდა მომხდარიყო, შემდეგ ქაოსი და 90-იანი წლები; შემდეგ გვექნებოდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან და სხვადასხვა მხრიდან შეშფოთებები, მწუხარებები, ჰუმანიტარული დახმარებები და ნიანგის ცრემლებს ვნახავდით. შეგახსენებთ, იმავე ღამეს, შტურმი რომ მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოლდოვის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და ქართველ ხალხს, ანუ ამაში გულისხმობს ექსტრემისტებს, ექსტრემისტებს დაუჭირა მხარი. მეორე დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უფრო რბილი განცხადება. მიხვდნენ, რომ ნამეტანი შეტოპეს ძალადობის მხარდაჭერაში და შემდეგ შეეცადნენ უკან დახევას, მაგრამ სიტყვები არსად არ იკარგება და მანუსკრიპტები არ იწვის. ასე რომ, მისი განცხადება დარჩა, როგორც მოძალადეების მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ჰქონდა მოლდოვას პრეზიდენტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მათ შორის ვნახეთ ნაცნობი სახეები.„ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენი ხანია, აღარ გაგვიგია და აგერ გამოძვრა, რასა იუკნევიჩიანე ყველა, ვინც კი ოდესმე ქართველი ხალხის მტრობაშია შემჩნეული, ერთბაშად გამოჩნდა იდენტური განცხადებებით. რა თქმა უნდა, არის იმის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ტექსტები და წინასწარ მომზადებული სპიკერები, რომ აქ უნდა ამტყდარიყო დავიდარაბა, სისხლი, მსხვერპლი და გასროლა და შემდეგ იქიდან მხარდაჭერა, რომ მხარს უჭერენ პროტესტს, ხალხს, მშვიდობა, დიალოგი და ასე შემდეგ. შეხედეთ, ვისგან იყო 4 ოქტომბერს განცხადებები და ეს ადამიანები არიან ქართველი ხალხის მტრები. დავიმახსოვროთ ჟიგიმანტას პავილიონისები და მსგავსი ადამიანები. გაგანია შტურმი მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ქალბატონი სანდუ თავის „ტვიტერზე“ წერდა, თითქოს თავისი საქმე გამოლევიათ მოლდოვაში. პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა? რა გვესწავლება საერთოდ მისგან?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – 4 ოქტომბერს გაიმარჯვეს არა ექსტრემისტებმა, რომლებიც შეიკრიბნენ და დაიშალნენ, არამედ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა საარჩევნო უბნებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს მთავარი საკითხი იყო, რომ გაიმარჯვა დემოკრატიამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა საარჩევნო უბნებზე.როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვა „არა იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც შეიკრიბნენ და დაიშალნენ, ნაწილი ციხეში აღმოჩნდა, არამედ ქართველმა ხალხმა, რომელმაც საკუთარი სახელისუფლებო მანდატი გადასცა 64 მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოებს“.„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, არა იმ ექსტრემისტებს, რომლებსაც ასე გულში იხუტებენ უცხოელები, არამედ ქართველ  ხალხს, რომელმაც 4 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც გარკვეული რეკორდები მოხსნა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებს თუ შევხედავთ, მივიღეთ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით.  ჩვენ რეალურად საქართველოს მასშტაბით გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, 2024 წლის და 2021-ის. მილიონ ასიათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. გახსოვთ, 2024 წელს მილიონ 120 000 იყო და დაახლოებით ამდენი, მილიონ 160 000 იყო 2012 წელს. ანუ, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს გამოვიდა დეზინფორმაციის, ტერორის, გარედან ზეწოლის ფონზე და კიდევ ერთხელ, ერთი წლის თავზე 2024 წლის არჩევნებიდან, თავისი მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე რადიკალურმა ოპოზიციამ აღიარა არჩევნები.„ლელომ“, გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს“, ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? თუ ამ არჩევნებს აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირ-ი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს

ქვეყანაში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე, ოდირ-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.განცხადების მიხედვით, ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ძალადობრივი აქციების გამო.„საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და ჯარიმების დაწესება მათი უფლებების გამოყენებისთვის. ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ იყვნენ სამიზნე და მოისმინონ მათი ხმა, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნავს ოდირ-ის დირექტორი მარია თელალიანი.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებლად მიწვევა გაიგზავნა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, რამაც არასაკმარისი დრო დატოვა სანდო და მნიშვნელოვანი დაკვირვებისთვის ოდირ-ის დამკვიდრებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.„ამან ქვეყნის მოქალაქეები და ინსტიტუტები მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების გარეშე დატოვა. ეუთო-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის და აიღო ვალდებულება,  უზრუნველყოს სივრცე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვანი და თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობისთვის. თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირ-ი მზად არის, ჩაერთოს საქართველოსთან და დაუჭიროს მხარი ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავი ბოლოდროინდელი კანონმდებლობა აგრძელებს მათი გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ხელშეშლას“.„როგორც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა გასულ წელს იურიდიულ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს და უნდა გაუქმდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლების უფლება თავისი საერთაშორისო და ეუთო-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, აქციებზე მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრებასთან ერთად, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც ზოგადი წესი, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავი უნდა აარიდონ ძალის გამოყენებას საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ეს ყოველთვის უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, იყოს აუცილებელი და პროპორციული სიტუაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები