ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, ეს ხმამაღალი დაპირება გადაჭარბებით შევასრულეთ და ეს ძალიან კარგია, რადგან ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება ქვეყნის შეუქცევად, სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ გამარჯვება „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს მიულოცა.
„ყველას მინდა, მოგილოცოთ და, ასევე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ერთად დგომა რომ არა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მე მგონი გადაჭარბებით შევასრულეთ და ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს, შეუქცევადად, სტაბილურად განვითარდეს.
ყველა კანდიდატს მინდა, მივულოცო. ყველა კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ჩვენს მთავარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – კახა კალაძეს, რომელმაც უკვე მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება. ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც აქვს გაკეთებული კახა კალაძეს. ასევე, მინდა, თითოეულ მერობის კანდიდატს, უკვე არჩეულ მერს, მივულოცო არჩევა. დარწმუნებული ვარ, მათი ხელმძღვანელობით თითოეული მუნიციპალიტეტი განვითარდება და წინ წავა ძალიან სწრაფი ტემპებით. საკრებულოს წევრებს, ყველას, მინდა, მივულოცო.
განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, შტაბის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს. დაუღალავი შრომის შედეგიც არის ყველაფერთან ერთად ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა და, რაც მთავარია, მადლობა ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ქვეყანას რაც დღეს აქვს – მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და დღევანდელი გამარჯვებაც არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის. გილოცავთ და მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.