არჩევნების აღიარება-არაღიარების საკითხი პირველ რიგში, უკავშირდება იმას, ქართველმა ხალხმა მიიღო თუ არა არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ „გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
„წინა არჩევნები სამართლებრივად უკანონოდ ჩატარდა. საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ საჯაროდ, იმიტომ, რომ ბიულეტენმა გაჟონა და ეს არსებითი დარღვევა იყო. იურიდიულად რომ შევხედოთ ამას, ასეთი არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს, მაგრამ ჩვენ როგორც კი დავინახეთ, რომ ოპოზიციამ არასწორი მიმართულებით წაიყვანა მთელი ეს პროცესი და დავინახეთ, რომ ხალხი შეაგუეს ამ შედეგებს, რაც დადგა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ მთავრობა არალეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, დარღვევები მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ასე თუ შევხედავთ, 1992 წლის დასაწყისიდან ყველა მთავრობა არალეგიტიმურია ქვეყანაში, რადგან მოხდა სამხედრო გადატრიალება და დაირღვა ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რაც გვქონდა, მაგრამ ამაში ხომ არ ვართ ჩაკეტილი? რაღაცნაირად ხომ გამოვედით აქედან?“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას განმარტებით, მისთვის მთავარი კრიტერიუმი არის, ხალხი როგორ მიიღებს ამ არჩევნებს.
„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, წინა არჩევნებზე მარტო ერთ არგუმენტს ავიღებდი, რომ ფარული არჩევნები ჩატარდა არაფარულად, ფარულობის პრინციპის დარღვევით, მაგრამ ოპოზიციამ უბრალოდ, ისეთი კონცერტი მოაწყო, „ქართულ ოცნებას“ ეს არჩევნები შერჩა და მე რომ ახლა ვთქვა, იცი რა, არ ვაღიარებ, იმიტომ, რომ ის კანონდარღვევით ჩატარდა და მე, როგორც იურისტი, ამას დავასაბუთებ, ეს ხომ არ იქნება სერიოზული? იმიტომ, რომ მარტო კანონდარღვევა, ან ჩემი აღიარება-არაღიარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, არჩევნების შედეგად რაც მოხდა, ის ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმურია, თორემ ახლა პარტიების ნახევარი არ მონაწილეობს არჩევნებში. ვინც მონაწილეობს, იმას ის ნახევარი აგინებს და უბრალოდ, ხომ შეუძლებელია, ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არჩევნები ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ მარტო ეს არ არის კრიტერიუმი. რას ეგუება ხალხი, ეს არის კრიტერიუმი და მეც ამის მიხედვით მივიღებ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.