ხუთშაბათი, ოქტომბერი 2, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია – „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ გაიხსნა

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“ მხარდაჭერით, იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორქშოპი/კონფერენცია – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ – მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ (Japan-Georgia-Europe International Workshop on Physics and Technology of Laser-Induced Plasma for Green Energy and Biomedical Applications – Laser Plasma Applications, Tbilisi 2025), გაიხსნა.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

მისივე ცნობით, ღონისძიების მიზანია ლაზერით ინდუცირებული პლაზმის უახლესი კვლევების განხილვა მწვანე ენერგეტიკისა და ბიომედიცინის მიმართულებით, ასევე იაპონიას, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერება. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები საქართველოდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და პოლონეთიდან. ფორუმი სამ დღეს გასტანს.

 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მისი თქმით, კონფერენციის ძირითადი თემებია ნანოსტრუქტურირებული მასალების მიღება და მათი მახასიათებლების განსაზღვრა თანამედროვე ლაზერური პლაზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიცე-რექტორის განცხადებით, „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ აგრძელებს ტრადიციას იაპონურ-ევროპული სამეცნიერო ფორუმებისა, რომლებიც წარსულში ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა და ბოლოს ბათუმში გაიმართა. მისი შეფასებით, ეს არის ახალი საერთაშორისო შეხვედრების ციკლის დასაწყისი, რომლის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მკვლევართა შთაგონება და გლობალური სამეცნიერო საზოგადოების გაერთიანება მდგრადი ენერგიისა და ჯანდაცვის განვითარების საერთო მისიის გარშემო.

 

„ლაზერით ინდუცირებული პლაზმა აღარ განიხილება მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკის გამოწვევად. იგი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ახალი ეტაპის საწყისად აღიქმება. პლაზმის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სრულიად ახალი მასალები, გავზარდოთ მათი ეფექტიანობა და გავამარტივოთ რთული სტრუქტურების სინთეზი ატომურ და ნანომასშტაბებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ნანოსტრუქტურირებული მასალების მიღებასა და მათ თვისებებზე, სადაც 2D და 3D სისტემები, მათ შორის სილიკონ–გრაფენის კომპოზიტები, მიმართულების განვითარების რევოლუციურ შესაძლებლობებს გვაძლევს. სამომავლოდ, ეს მასალები განსაზღვრავს მზის ელემენტების ეფექტიანობის ახალ სტანდარტებს, გახდებს საფუძველი სპინტრონიკისა და კვანტური ტექნოლოგიების განვითარებისთვის და განაპირობებს ელექტრონიკისა და ენერგეტიკის ტრანსფორმაციას.

 

კონფერენციაზე ასევე განვიხილავთ ლაზერული დეპონირების ტექნიკებს, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი სისუფთავის, მრავალშრიანი სტრუქტურები – აუცილებელი კომპონენტები როგორც ენერგეტიკულ, ისე ბიომედიცინის სფეროებში.

 

რაც შეეხება ენერგეტიკას, ლაზერით მართული ბირთვული სინთეზი უკვე აღარ არის მხოლოდ შორეული პერსპექტივა. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ფიზიკური მექანიზმების ღრმა შესწავლა, არამედ იმ ტექნოლოგიური გზების ჩამოყალიბება, რომლებიც რეაქტორის შექმნისკენ მიგვიყვანს. გარდა ენერგეტიკისა, პლაზმის გამოყენება ბიომედიცინაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ განვიხილავთ ინოვაციურ სპექტროსკოპიულ Raman, IR, UV, SFG მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მოხდეს პათოგენების სწრაფი იდენტიფიკაცია, ნანოსტრუქტურული ბიოსენსორების შექმნა და ლაზერული მიდგომების დანერგვა ბირთვულ მედიცინაში. „ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ არ არის ერთჯერადი შეხვედრა. ამით გრძელდება იაპონურ-ევროპული სამეცნიერო ტრადიცია და ამავდროულად, ეს არის ახალი საერთაშორისო კოლაბორაციის დასაწყისი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი კვლევების გაძლიერებას ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობით და სამეცნიერო საზოგადოების კონსოლიდაციას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, რომელთა გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ენერგიისა და ბიომედიცინის გლობალური გამოწვევების გადაჭრაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ინოვაციური გზების ჩამოყალიბებას და ქართული მეცნიერების პოზიციონირების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

 

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობენ სფეროს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, მათ შორის: კაორუ იამანუჩი – ტოკიოს უნივერსიტეტის ფემტოწამიანი ლაზერული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კვანტური ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ტოკიოს უნივერსიტეტი), იაპონიის სამეცნიერო საბჭოს ასოცირებული წევრი, იაპონიის ქიმიური საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი; ნომაჩი მასაჰარუ – პროფესორი, ბირთვული ფიზიკის კვლევითი ცენტრი (RCNP), ოსაკას უნივერსიტეტის ევროპული აკადემიური ინიციატივების ცენტრის დირექტორი; ტოშიმორი სეკინე – პროფესორი, დედამიწისა და კოსმოსის მეცნიერების დეპარტამენტი, ოსაკას უნივერსიტეტი; შიგემორი კეისუკე – პროფესორი, ლაზერული ინჟინერიის ინსტიტუტი (ILE), შიგემორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ოსაკას უნივერსიტეტი; დიმიტრი ბატანი – ბორდოს უნივერსიტეტის „განსაკუთრებული კლასის“ პროფესორი (Professeur de Classe Exceptionnelle), ევროპის ფიზიკური საზოგადოების (EPS) წევრი, საფრანგეთის  ინსტიტუტის (IUF) უფროსი წევრი და ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (EURASC) წევრი; ბორის ნ. ჩიჩკოვი – პროფესორი, დოქტორი, კვანტური ოპტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია; ფაბრიციო კონსოლი – პროფესორი, დოქტორი, ინერციული სინთეზისა და პლაზმის ინტერდისციპლინური ექსპერიმენტების ლაბორატორიის დირექტორი, ENEA-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ინერციული ბირთვული სინთეზის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში, ENEA, იტალია;  გ. ა. პაბლო ჩირონე – პროფესორი, დოქტორი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის (INFN) უფროსი მკვლევარი, სამხრეთის ეროვნული ლაბორატორიები (LNS), კატანია, იტალია; ალდო ბონასერა – პროფესორი, დოქტორი, ციკლოტრონის ინსტიტუტი და ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი, აშშ;  ვიქტორ მალკა – პროფესორი, დოქტორი, კომპლექსური სისტემების ფიზიკის დეპარტამენტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, ექსტრემალური სინათლის და ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (ELI-NP), რუმინეთი.

 

იაპონია-საქართველო-ევროპის ვორქშოპი/კონფერენცია ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების განხილვის ფორმატში პირველი ეტაპია სამომავლო ღონისძიებების ციკლისა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბირთვული და ლაზერული ფიზიკის მოწინავე მეთოდებთან, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასთან ენერგეტიკისა და ბიომედიცინის სფეროებში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბიძინა ივანიშვილი – არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე

ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელშიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წლისთავია შეჯამებული.როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი.„ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე – ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.ჩვენი ერთიანობის, პირველი ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით, კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს. ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს. ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის“, – ნათქვამია წერილში.

გოგა მანია ასახელებს ქვებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა ატარონ

ეზოტერიკოსი გოგა მანია ასახელებს ქვებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა ატარონ.„მე მოგაწვდით ყველაზე უტყუარ ინფორმაციას, თუ რა ქვა უნდა ატაროთ ზოდიაქოს ნიშნებმა - ვერძებმა უნდა ატაროთ იასპი, კუროებმა საფირონი, ტყუპებმა ქალცედონი, კირჩხიბმა ზურმუხტი, ლომმა სარდონიქსი, ქალწულმა სარდიონი, სასწორმა ქრიზოლითი, მორიელმა ბივრილი, მშვილდოსანმა ტოპაზი, თხის რქამ ქრიზოპრაზი, მერწყულმა იაგუნდი, თევზებმა ამეთვისტო“, - ამბობს გოგა მანია.

იაგო ხვიჩია: მათი გეგმა ჩაფლავდება, ბურჭულაძე დარჩება მხიარული

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია: 5-ში გარკვეული იქნება, რომ „ნაცების“ 4 ოქტომბრის გეგმა ჩაფლავდა. ის კრება, რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი პაატა ბურჭულაძე, დარჩება მხიარული. ეს გარკვეული იქნება 4-ში საღამოს ან, 5-ში დილით.

გიორგი გახარია – დამხობისკენ მოწოდებით სამშვიდობო პროტესტს თავზე წამოასვეს დისკრედიტებული სახეები, დარწმუნებული ვარ, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა

ივანიშვილმა დაამარცხა პარტიები, „ენჯეოები“, მედია, ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტია. ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა, ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების“ ყველაზე მიუღებელი სახეები, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ შეიძლება, მიიღოს ისეთი სცენარი, როდესაც დამხობის, გადატრიალების მოწოდებებით მოხდეს სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების“ ლეგიტიმაციას.„საზოგადოებისთვის მისაღებია მხოლოდ მშვიდობიანი ცვლილებები და აქ სიტყვა „მშვიდობიანი“ არის კრიტიკული. ქართული საზოგადოება ცვლილებებისთვის არის მზად  – მშვიდობიანი და არა რევოლუციური ცვლილებებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ფასეული, რაც შევქმენით იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს კარგად დაინახა „ოცნებამ“. ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეოები“, მედია, ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა  – ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტია. მივიღეთ ამ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაცია – ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ასე შემდეგ. ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების“ ყველაზე მიუღებელი სახეები. ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ისეთი სცენარი, როდესაც ამ დამხობის მოწოდებით, გადატრიალების მოწოდებით, ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით სამშვიდობო პროტესტების თავზე და ლიდერებად წარმოჩენით, მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს – ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების“ ლეგიტიმაციას და ავტორიტარიზმის დამძიმებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა.„დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა და არსად სხვაგან. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი პატივსაცემია პარტიის მიმართ ერთგულებით, მაგრამ ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახონ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ფუჭი დაპირებების მეტი, ფეხების ბაკუნის გარდა და ძახილით: „ხვალ დავამთავრებთ“, „გაიქცევიან“ და ასე შემდეგ, არაფერი გაუკეთებიათ, რაც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი – აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ

4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი - ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული თავისუფლების მოედანზე - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ.4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი.ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და ვალდებულები ვართ გავიდეთ რუსთაველზე.ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.ქრისტიანული, ქართული, ევროპული, ღირებულებები არ დგას ბოროტებაზე, დაყოფაზე, გახლეჩაზე და ადამიანის ჩაგვრაზე. პირიქით! ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები, დამყარებულია სიყვარულზე, სოლიდარობაზე, სიკეთეზე და ერთმანეთის მხარში დგომაზე.ჩვენი ვალია ერი და ბერი გაერთიანდეს, დავასრულოთ საქართველოს და ქართველი ხალხის დაყოფა, გახლეჩა.4 ოქტომბერს, რუსთაველზე ვერთიანდებით სრულიად საქართველო და ვიმარჯვებთ.ღმერთმა დალოცოს საქართველო” , - ნათქვამია ხაბეიშვილის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები