ივანიშვილმა დაამარცხა პარტიები, „ენჯეოები“, მედია, ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტია. ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა, ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების“ ყველაზე მიუღებელი სახეები, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ შეიძლება, მიიღოს ისეთი სცენარი, როდესაც დამხობის, გადატრიალების მოწოდებებით მოხდეს სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების“ ლეგიტიმაციას.
„საზოგადოებისთვის მისაღებია მხოლოდ მშვიდობიანი ცვლილებები და აქ სიტყვა „მშვიდობიანი“ არის კრიტიკული. ქართული საზოგადოება ცვლილებებისთვის არის მზად – მშვიდობიანი და არა რევოლუციური ცვლილებებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ფასეული, რაც შევქმენით იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს კარგად დაინახა „ოცნებამ“. ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეოები“, მედია, ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა – ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტია. მივიღეთ ამ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაცია – ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ასე შემდეგ. ახლა ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, რომ ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და „ნაცების“ ყველაზე მიუღებელი სახეები. ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ისეთი სცენარი, როდესაც ამ დამხობის მოწოდებით, გადატრიალების მოწოდებით, ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით სამშვიდობო პროტესტების თავზე და ლიდერებად წარმოჩენით, მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს – ლეგიტიმაციისგან დაცლილი „ოცნების“ ლეგიტიმაციას და ავტორიტარიზმის დამძიმებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის თარიღი, „მშვიდობიანი რევოლუციის“ თარიღი „ოცნების“ კულუარებში გაჩნდა და არსად სხვაგან. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი პატივსაცემია პარტიის მიმართ ერთგულებით, მაგრამ ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახონ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ფუჭი დაპირებების მეტი, ფეხების ბაკუნის გარდა და ძახილით: „ხვალ დავამთავრებთ“, „გაიქცევიან“ და ასე შემდეგ, არაფერი გაუკეთებიათ, რაც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.