სამშაბათი, აგვისტო 11, 2026

8 მითი კატების შესახებ

ადამიანები კატების ხასიათსა და თავისებურებებს  ნაკლებად იცნობენ, ვიდრე ძაღლებისას.  მათ შესახებ უამრავი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს.  ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში 8 ყველაზე მეტად გავრცელებულ სტერეოტიპზე, რა თქმა უნდა, მათი დანგრევის მიზნით.

მითი 1 –  შავი კატა – თარსი კატა  

თუ გულუბრყვილოდ ფიქრობთ, რომ შავი კატის ცუდ იღბალთან ასოცირების ცრურწმენა უკვე მივიწყებულია, ცდებით. სამწუხაროდ, დღემდე შავი შეფერილობის კატებს მეტი პრობლემა ექმნებათ, უფრო ხშირად ხდებიან ადამიანური აგრესიის და სხვადასხვა რიტუალების მსხვერპლი, ვიდრე მათი სხვა ფერის თანამოძმეები. ამ დამოკიდებულების გამო მათთვის პატრონის პოვნის შანსიც უფრო მცირეა.

მოკლედ,  თუ შავი კატა წინ  გადაგირბენთ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ გზა.


მითი 2 –  კატა მაინც ველურია (ანურა უნდა კატას სახლში?!)

დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობს ველური, ქუჩის და სახლის კატების პირობითი კატეგორიები.

ველურ კატას ადამიანთან შეხება საერთოდ, ან თითქმის არა აქვს. ისინი გაგვირბიან და მათი მოშინაურება კნუტობის შემდეგ შეუძლებელია. ანუ, ველურ კატას სახლში არ უნდა.

ე. წ. ქუჩის კატები დიდი სიამოვნებით იცხოვრებდნენ სახლის პირობებში, თუმცა მათ უბრალოდ  არ გაუმართლათ. ეს ცხოველები მეტწილად არიან თბილები, მოსწონთ ადამიანთან ურთიერთობა და გადარჩენისათვის ხშირად ჩვენი დახმარება სჭირდებათ – ანუ, ქუჩის კატას სახლში უნდა.
რაც შეეხება შინაურ  კატებს, ისინი სახლის პირობებში ისევე კარგად გრძნობენ თავს, როგორც ჩვენ.

 

მითი 3  – კატას რა მოვლა უნდათვითონ უვლის თავს

ის ფაქტი, რომ კატები ძაღლებზე გაცილებით დამოუკიდებლები არიან, ხშირად ხდება მათ მიმართ უყურადღებობის მიზეზი, რაც სინამდვილეში ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ცუდად აისახება. მაგალითად, კარგად მოვლილი კატა გაცილებით დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ის, რომელიც „საკუთარ თავს თვითონაც მშვენივრად უვლის“.

ამ მითის ბევრი ქვემითიც არსებობს, მაგალითად:  კატა თვითონ ირჩენს ჭრილობას ლოკვით. რეალურად, ამ ქცევით ის შეხორცებას უშლის ხელს. ზოგადად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცხოველის ყველა ბუნებრივი ქცევა კონსტრუქციულობისკენ არ არის მიმართული. კატას ზუსტად ისევე სჭირდება ყურადღება, ვეტერინართან გეგმიური ვიზიტები, აცრები, პარაზიტებზე დამუშავება, კვების სწორი რაციონი, ბეწვის მოვლა,  ჰიგიენური ნორმების დაცვა  და ა.შ.  – როგორც ძაღლს.

 

მითი 4 – კატას მარტოობა უყვარს და თავს თვითონ ირთობს

კატას შეუძლია მარტოობა, მაგრამ მას ამავდროულად სჭირდება ურთიერთობა, თამაში და მოფერება. ამ მცდარი შეხედულების გამო მათ ხშირად დიდი დროით ტოვებენ მარტოს, მხოლოდ „საკვების დამყრელის“ იმედად. სინამდვილეში კი მარტო დარჩენილი კატა ადვილად იწყენს, ის ბუნებრივად ცნობისმოყვარე არსებაა და გასართობად შესაბამისი გარემო ესაჭიროება. ამიტომ სახლის კატას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბევრი სათამაშო, საძრომიალო და სხვა გასართობი საშუალება, აგრეთვე ფანჯარა, საიდანაც გარე სამყაროს დააკვირდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა (სიტყვა პატრონს შეგნებულად არ ვიყენებ, რადგან კატები ამ ცნებას არ აღიარებენ) ყოველდღიურად გამოყოს დრო მასთან საურთიერთოდ.

პ.ს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, კანადაში, მსურველს არა აქვს უფლება თავშესაფრიდან მხოლოდ ერთი კნუტი იშვილოს, რადგან თვლიან, რომ ამ „მარტოსული“ არსებებისთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მითი 5 – სიმაღლიდან გადმოვარდნილი კატა მიწაზე ყოველთვის ფეხებით ეშვება

ეს მითი ბევრი დაუნდობელი ექსპერიმენტის საფუძველი გამხდარა. მაგალითად, ცნობისმოყვარეობის და გართობის გამო  მათ სიმაღლიდან  აგდებენ. მართალია, კატას სხეულის აგებულება საშუალებას აძლევს, ვარდნის მომენტში ტანი გაასწოროს და მიწაზე ფეხებით დაეშვას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. საინტერესოა ისიც, რომ მათ დაზიანების მეტი შანსი დაბალი სიმაღლიდან გადმოვარდნისას აქვთ, რადგან მოკლე დროში ტანის უსაფრთხო პოზიციაში მოყვანას ვერ ასწრებენ. თუმცა, ფეხებით დაშვების შემთხვევაშიც, სიმაღლიდან გადმოვარდნილი კატის დაზიანების (ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელი) რისკი საკმაოდ მაღალია.

 

მითი 6 –  კატის ბეწვის გადაყლაპვა ჯანმრთელობისათვის საშიშია

ეს „ბრალდება“  თავისთავად აბსურდულია. კატის (ძაღლის) ბეწვი, ისევე როგორც ადამიანის თმა და  ნებისმიერი სხვა უცხო სხეული, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ჩვენს ორგანიზმში, იშლება და გადამუშავდება. ეს პროცესი კი სავსებით ბუნებრივად და ჩვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

კატის ბეწვი  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საშიში, თუკი ცხოველი მოუვლელი და ექინოკოკის ჭიის მატარებელია (იხ. მითი 4.), რომელიც ადამიანზეც გადადის. ეს პარაზიტი ასევე შეიძლება აღმოაჩნდეს ძაღლს ან ნებისმიერ სხვა ხორცისმჭამელ ძუძუმწოვარს.

 

მითი 7 –  კატა ადამიანს უბრალოდ იყენებს და მას სიყვარული და ერთგულება არ შეუძლია

ეს მითი ერთმნიშვნელოვნად მცდარია. ვინც ამ საოცარ არსებას კარგად იცნობს, იცის, რომ სინამდვილეში მას ძალიან ღრმა კავშირის დამყარება შეუძლია ოჯახის წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ კატა ბუნებით თავისუფალი და დამოუკიდებელია, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებთან მიჯაჭვულობაც კი უვითარდებათ, რაც უდავოდ სიყვარულის გამოხატულებაა.

ამ სტრეოტიპის ჩამოყალიბებას ერთმა გარემოებამ შეუწყო ხელი: თუკი ძაღლი  პატრონს დომინანტად მიიჩნევს და უპირობოდ ემორჩილება მას, კატა ადამიანს უყურებს როგორც თანასწორს, ამიტომ ის ურთიერთობს საკუთარი  და არა ადამიანის სურვილის შესაბამისად. სწორედ ამ თვისების გამოა მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესო.

 

მითი 8 – კატების სტერილიზაცია/კასტრაცია მათი უფლებების შელახვაა

ზოგადად,  როცა ცხოველთა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება თემა დავავიწროოთ მათი დედობის, მამობის თუ ძუებში „გავლის“ ბედნიერების უფლებაზე. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მიდრეკილებები ცხოველებში საერთოდ არ გვხდება, ისინი ინსტინქტურ დონეზეა განვითარებული და ეს მხოლოდ ადამიანური პროექციებია.

ცხოველების  უფლებებსა და მათ კეთილდღეობაზე მსჯელობა შეუძლებელია მათი პოპულაციის შემცირების გარეშე და ერთი ცხოველის „ბედნიერება“ წინააღმდეგობაში მოდის სხვა ცხოველების გაცილებით უფრო მნიშვნელოვან უფლებებთან. ფაქტია, რომ დღეს უამრავი უპატრონო კნუტი თუ კატა ქუჩაში ცხოვრობს და ადამიანის გულგრილობის, ხშირად სადისტური ქმედების, მანქანის, ანდაც დაავადებების მსხვერპლი ხდება.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები, როგორებიც არიან ASPCA, PETA, Humane Society და სხვა მრავალი, პატრონებს მოუწოდებენ, არ გაამრავლონ  ცხოველები (ცხოველთა გამრავლება მხოლოდ ოფიციალურ საშენებშია დაშვებული), რათა ხელი არ შეუწყონ პოპულაციის უკონტროლო ზრდას, რომლის შედეგად უამრავი ცხოველი რჩება სახლისა და თავშესაფრის გარეშე.

გარდა ამისა, სტერილური და კასტრირებული კატები ცოცხლობენ უფრო დიდხანს, ჯანმრთელად და უდარდელად. მცირდება სიმსივნური დაავადების განვითარების შანსიც. ისინი ხდებიან უფრო მშვიდები და მოსიყვარულეები როგორც ადამიანების, ისე სხვა კატების მიმართ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ამასთან, საუნივერსიტეტო ანსამბლმა თურქეთის რამდენიმე ქალაქში საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობით ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას აქტიური პოპულარიზაცია გაუწია.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ პირველი შემოქმედებითი ჯგუფია საქართველოდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ სამსუნის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში. აღნიშნული ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის ფოლკლორული ფესტივალებისა და ხალხური ხელოვნების ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს (CIOFF) ორგანიზებით რეგულარულად იმართება.  როგორც საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი თეიმურაზ კობახიძე აღნიშნავს, თურქეთსა და კვიპროსზე გამართულ ფესტივალებზე „მერანის“ მოცეკვავეთა მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ხალხური ცეკვა საერთაშორისო ფოლკლორულ სივრცეში განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს.„სასიხარულო და საამაყოა, რომ „მერანის“ გამოსვლებს დიდი მოწონება ხვდა წილად - როგორც ფესტივალის ორგანიზატორებისა და პროფესიული წრეების, ასევე მაყურებლის მხრიდან. ანსამბლის წევრმა სტუდენტებმა თითოეული ქორეოგრაფიული ნომერი დიდი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, ბუნებრივი ემოციით შეასრულეს და მაყურებელს წარუდგინეს რთული, ნატიფი საცეკვაო ილეთებით გაცოცხლებული საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა, თავისუფლებისმოყვარე ქართული სული და ენერგია, გააცნეს უმშვენიერესი ქართული ეროვნული სამოსი.მაყურებლის გულწრფელი ოვაცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - რა თქმა უნდა, ჟიურის შეფასებამაც დიდი სიხარული მოგვიტანა. საბოლოოდ, „მერანი“ სამსუნის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო კვიპროსზე გამართული ფესტივალის ფარგლებში სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ საფესტივალო დღეები აქტიურად გააშუქეს სამსუნისა და კვიპროსის ტელევიზიებმა. გარდა ამისა, „მერანმა“ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქალაქში გამართულ საფესტივალო კონცერტებში, რა დროსაც საშუალება მოგვეცა ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება ფართოდ წარგვედგინა საერთაშორისო აუდიტორიისთვის.განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ „მერანის“ ახალმა თაობამ ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენა შეძლეს. ეს გამარჯვება დიდი სტიმულია მათთვის, რომ სწავლის პარალელურად კიდევ უფრო მეტი იშრომონ, განვითარდნენ და ქართული კულტურა საერთაშორისო სცენაზე ღირსეულად გააცოცხლონ.ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს, ვიცე-რექტორებს, პროფესორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს. ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი შესაძლებლობა, ანსამბლის წევრები სათანადოდ მოვამზადოთ და ხარისხიანი საკონცერტო პროგრამით წარვდგეთ საერთაშორისო ფესტივალებზე თუ კონკურსებზე. უნივერსიტეტის თანადგომა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაც არის და მოტივაციაც იმისათვის, რომ „მერანმა“ მომავალშიც ღირსეულად გააგრძელოს საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ტრადიციები“, - ამბობს თეიმურაზ კობახიძე. ანსამბლ „მერანს“ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა-გაზიარებას.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა სტუდენტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. „მერანის“ წარმატება თურქეთსა და კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის თავიანთი შემოქმედებითი უნარების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენა. დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება-გაძლიერებას. ამასთანავე, ასეთი ფესტივალები ქმნის შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, საერთაშორისო აუდიტორიას და ერთმანეთს გაუზიარონ ეროვნული თვითმყოფადობა. სწორედ კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, გამოცდილების ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა ქმნის იმ გარემოს, რომელიც ქვეყნებსა და თაობებს ერთმანეთთან აახლოებს.აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფი „მერანი“ პირველი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში და პირველივე ჯერზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ჩვენს ანსამბლს, რომელსაც „სახალხო“ სტატუსი აქვს მინიჭებული, 92-წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მუდამ დიდი წარმატებით სარგებლობდა. საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის ისტორიის გაგრძელება კი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ნიჭიერი სტუდენტების ხელშია.პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდი „მერანის“ ახალ თაობას, ასევე, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელებსა და ქორეოგრაფებს - თეიმურაზ კობახიძესა და ნინო ლაზიშვილს. ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და დარწმუნებული ვარ, „მერანი“ მომავალშიც არაერთხელ გაახარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი გამარჯვებითა და საერთაშორისო აღიარებით“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა.ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 42 ადამიანი რისარალდას დეპარტამენტში დაიღუპა.ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ასობით ადამიანი დაშავდა.კოლუმბიის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.შეგახსენებთ, კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

4100 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც, დღეს 10 აგვისტოს 15:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:გლდანის რ-ში, დაბა ზაჰესის ტერიტორიაზე – ბიჭვინთის, ენერგეტიკების (ახლ. შალვა აფხაიძის), მშვიდობის, თავისუფლების, კასკადის, ავჭალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ ბიჭვინთის, სკოლის, უწერის, ჩიქვანაიას, გოჩა ცქიტიშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ,მანაგაძის, მაყაშვილის, შუშის, რევოლუციის, ბარისაკოს, ანდრონიკაშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ყაზბეგის, პლატინის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ზაჰესი 2007” (საბაჟო ტერმინალი), შპს ,,ჯავარდინი”, შპს ,,ვაზი პლიუსი”, შპს ,,თბილცემენტგრუპი”, შპს ,,სატრაპეზო”, შპს ,,ზაჰესი პლაზა”, შპს ,,აგროქემიკალს ჯორჯია”, შპს ,,საქენერგორემონტი”, # 208-ე საჯარო სკოლა, შპს ,,ჯორჯიან ბეტონ კომპანი”, შპს ,,ქართლი”, შპს ,,სპეცჰიდრომშენი”, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი, შპს ,,ერ არეა”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის # 11-ე დაწესებულება (კოლონია), შპს ,,ჯე ფიქს კოლორი”, შპს ,,თ.ბ.თ. ჯგუფი”, შპს ,,მზიური”, შპს ,,ოკეანე 10”, კასკადის ქუჩაზე - ზაჰესის საბავშვო ბაგა-ბაღი და სხვა. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის საცდელ მეურნეობაში - დიღომი-9-ის ტერიტორიაზე (ნიკოლოზ ჩაჩავას, მანანა მელქაძის, დიღმისწყლის, მაღალაძეების ქუჩების) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 20:00 დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114

კახა კალაძე – ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს, – ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. კალაძის განცხადებით, ბლოგერმა მას აუხსნა, რომ თბილისზე აკეთებდა სიუჟეტებს. შესაბამისად, მის შეკითხვებს უპასუხა და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაუსვა ხაზი.„არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ საუბრობს ბლოგერთან ინტერვიუში ქართულ სამზარეულოზე, კახა კალაძე პასუხობს:„შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი“, – აღნიშნა კალაძემ.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 7 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 ცალი ხემცენარისა  და 318 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული სამართალდარღვევის შედეგად დაკისრებული ფულადი სანქცია, საერთო ჯამში 291 800 ლარს შეადგენს.სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ბოლო სიახლეები