გლდანში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.
იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად დაესწრო.
„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც ყოველდღიურად შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში შეუძლიათ. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გლდანის ტბის გარშემო, დღეს კი საშუალება მქონდა, ახალი საბავშვო ბაღი გამეხსნა ზაჰესში. დღესვე იხსნება იუსტიციის სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გქონდეთ ჩვენი, მუნიციპალიტეტის, მერიის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერის იმედი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი საჭირო და აუცილებელი პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-შია განთავსებული და 3 799 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
დედაქალაქში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ვარკეთილის ფილიალიც მუშაობს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 125 ფილიალში, ყოველდღიურად, 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.