ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025

კახა კალაძე – ჩვენს ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა, ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის შემდეგ, გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, რაშიც გრძელვადიან მშვიდობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. ის შემოტევები, ცილისწამება, მუქარები, რაც ყოველდღიურად გვესმის გარედან, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენ, ჩვენი ყოველდღიურობით, გადადგმული ნაბიჯებითა და პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვება არ ყოფილა მარტივი. ჩვენმა წინა თაობებმა ამ ყველაფერს ბრძოლით, სისხლით მიაღწიეს, დღეს კი ჩვენი ყოველდღიური მოქმედებებით გვიწევს მათი შენარჩუნება. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს თითის დაქნევით ელაპარაკოს. ჩვენ მეგობრებიც გვჭირდება, პარტნიორებიც, ურთიერთობებიც აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ რომელიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ, პატარა ქვეყანას, რომელსაც უდიდესი კულტურა, წარსული, ტრადიციები გააჩნია, ზემოდან გვიყუროს და გველაპარაკოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, ჯანდაცვის პროექტები და ა.შ.

„ვიღაცები გამოდიან და საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ, იმის ნაცვლად, რომ ყოველდღიური შეხვედრები ჰქონდეთ ქართველ ამომრჩეველთან. აქ პრობლემა ისაა, რომ ჰგონიათ, ჩვენი ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკონ, რადგან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ. უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული გვაქვს, რითაც ვამაყობთ. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. დღეს ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, ქართული საქმე. მშვიდობით მოვახერხებთ ქალაქების, სოფლების განვითარებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის მნიშვნელოვანია. ვერავინ მოუვლის ამ ქალაქს ისე, როგორც ჩვენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე – დესტაბილიზაციას ვინც ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ, იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის შესანარჩუნებლად

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა, იგორ გროსუმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.გროსუს თქმით, 28 სექტემბრის არჩევნები მოლდოვისთვის დიდი მნიშვნელობისაა და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს არამხოლოდ მომდევნო ოთხი წლის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში.„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური დაჯგუფებების მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობები სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ველოდებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან“, – აღნიშნა პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა.ამასთან, იგორ გროსუმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებენ და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.„მათ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ: იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე და არა საკუთარ ეგოისტურ, პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა იგორ გროსუმ.

ხმათა 62.62 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია 43.45 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზეა იგორ დოდონის ბლოკი 28.89 პროცენტით​

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.დათვლილია ხმების 62.62 პროცენტი.მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 43.45 პროცენტით პირველ ადგილზეა.მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 28.89 პროცენტით.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან.დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს „ნამდვილი შანსი ახლო აღმოსავლეთში დიდების მისაღწევად“.„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის – პირველად ისტორიაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე განცხადებაში არაფერი აღუნიშნავს.ცნობისთვის, 29 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.

ანა წითლიძე – ადამიანები მეკითხებიან, 4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება? ხშირად მეუბნებიან, 4-ში თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთებ? 5 ოქტომბერს ვაგრძელებ ბრძოლას

ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის მთავარი პრობლემაა, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა, მათთვის საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.წითლიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის ფოკუსი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და არა ივანიშვილი.„ვიდრე ლევან ხაბეიშვილს დაიჭერდნენ, როდესაც 4 ოქტომბრის პროცესი დაიწყო, მეც ბევრი კითხვა მქონდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილი პირადად შეხვდა ოპოზიციური სპექტრიდან ყველა ადამიანს, უმრავლესობას მაინც, მათ შორის პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. არ ყოფილა პრობლემა, კითხვებზე პასუხი დახურულ ფორმატში ყოფილიყო. ვერ შედგა ეს კომუნიკაცია, რადგან ყველას თავისი ამბიცია აქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.ანა წითლიძის განმარტებით, მოხდა გარდატეხა და მოქალაქეებს რომ ჰკითხონ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე ისაუბრებენ.„ხშირად მეუბნებიან, 4 ოქტომბერს თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთებ? 5 ოქტომბერს ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. 4 ოქტომბერს რომ გამოვიდეს, შესაძლებლობა გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით. დღეს, რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერებენ, მეკითხებიან, 4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება, ჩვენ რევოლუციისთვის გამოვდივართ. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ჰყავდათ დაკომპლექსებული სიტყვა „რევოლუციით“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ ამ სიტყვას. გარდატეხა მოხდა, რუსთაველის გამზირზე ყველა რევოლუციას რომ იძახის, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე დაგელაპარაკებიან. ეს გარდატეხაც მოხდა. არ არის სწორი აქცენტი, 13 წელის განმავლობაში რომ ვერაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ეს დღე შესაძლოა, არ გამოვიდეს“, – აღნიშნა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

სტუ-ის რექტორმა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება შეაფასა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამუშაო ვიზიტით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რექტორი, პროფესიული პროგრამებისთვის ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შედეგებს ადგილზე გაეცნო და მიმდინარე პროცესები შეაფასა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, რექტორმა დავით გურგენიძემ ინსტიტუტის დირექტორ გრიგოლ ცნობილაძესთან ერთად ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარების საკითხები და სტუდენტური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი განხილა.სტუ-ის ინფორმაციით, დავით გურგენიძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის რეგიონული სტრუქტურების განვითარება სტუ-ის სტრატეგიული პრიორიტეტია, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყოს.„ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლია, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგად სამეცნიერო-საგანმანათლებლო სტრუქტურაში, ისე ქვეყნის სამთო-სამრეწველო სექტორის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას და ყველას, ვინც პროფესიული, მაღალი სტანდარტის პროგრამების, შედგენაში მიიღო მონაწილეობა. რეგიონში არსებული სამთო-გეოლოგიური რესურსებისა და სამრეწველო პოტენციალის გათვალისწინებით, პროფესიული განათლების მძლავრი ჰაბის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან იგი საფუძველს უყრის პროფესიული კადრების სისტემურ აღზრდას, რაც რეგიონის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია. სამთო მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და სხვა რესურსზე დაფუძნებული დარგები მოითხოვს სპეციალიზებულ, ტექნიკურად განათლებულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კადრებს, რომელთა მომზადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რეგიონში იარსებებს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და საწარმოო პრაქტიკისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლის განმტკიცება რეგიონულ კონტექსტში ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების მომზადებას, რაც, თავის მხრივ, ქმნის პირდაპირ კავშირს განათლებას, პრაქტიკასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტი განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო ერთეული, არამედ როგორც ადგილობრივი განვითარების ინტეგრაციის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და სამრეწველო პოტენციალის განმტკიცებას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, იწყებს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, როგორც შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, ასევე სასწავლო და პრაქტიკული რესურსების მოდერნიზებას.

ბოლო სიახლეები