ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის მთავარი პრობლემაა, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა, მათთვის საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის ფოკუსი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და არა ივანიშვილი.
„ვიდრე ლევან ხაბეიშვილს დაიჭერდნენ, როდესაც 4 ოქტომბრის პროცესი დაიწყო, მეც ბევრი კითხვა მქონდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილი პირადად შეხვდა ოპოზიციური სპექტრიდან ყველა ადამიანს, უმრავლესობას მაინც, მათ შორის პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. არ ყოფილა პრობლემა, კითხვებზე პასუხი დახურულ ფორმატში ყოფილიყო. ვერ შედგა ეს კომუნიკაცია, რადგან ყველას თავისი ამბიცია აქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის განმარტებით, მოხდა გარდატეხა და მოქალაქეებს რომ ჰკითხონ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე ისაუბრებენ.
„ხშირად მეუბნებიან, 4 ოქტომბერს თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთებ? 5 ოქტომბერს ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. 4 ოქტომბერს რომ გამოვიდეს, შესაძლებლობა გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით. დღეს, რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერებენ, მეკითხებიან, 4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება, ჩვენ რევოლუციისთვის გამოვდივართ. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ჰყავდათ დაკომპლექსებული სიტყვა „რევოლუციით“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ ამ სიტყვას. გარდატეხა მოხდა, რუსთაველის გამზირზე ყველა რევოლუციას რომ იძახის, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე დაგელაპარაკებიან. ეს გარდატეხაც მოხდა. არ არის სწორი აქცენტი, 13 წელის განმავლობაში რომ ვერაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ეს დღე შესაძლოა, არ გამოვიდეს“, – აღნიშნა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.