ბიზნესთან თანამშრომლობისას სამართლიანი თამაშის წესები გულისხმობს, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობებს განვიხილავთ, ვუყურებთ როგორც ჩვენს ინტერესს, ვიყოთ მოქნილები, თუმცა ასევე ვცდილობთ, რომ ხელშეკრულება არ იყოს კაბალური ბიზნესისთვის, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.
მინისტრის თქმით, სახელშეკრულებო პროცესში მოქნილობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამშენებლო პროცესი შეფერხებულია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება აუცილებელია.
„როდესაც ვხედავთ სამშენებლო პროცესში, რომ იქ არის სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ხარისხთან მიმართებით, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. ან თუ კომპანიას ეს არ ძალუძს, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ბიზნესის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება სამართლიანი და მოქნილი, თუმცა, უპირველესად, სახელმწიფოს ინტერესზე ორიენტირებული.