საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ საგრანტო პროექტზე – „საქართველოს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების კვლევა მათი ჰიდროქიმიური მახასიათებლებისა და რესურსული პოტენციალის დადგენის მიზნით“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების კომპლექსურ შესწავლას, მათ შორის, წყლის ქიმიური შემადგენლობის, ჰიდროდინამიკური პირობებისა და რესურსების მოცულობის განსაზღვრას, ჩართულნი არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი ლუდმილა ღლონტი, მეცნიერები – ინგული ნანაძე, მანანა კოპაძე, ავთანდილ სონღულაშვილი და ინჟინერი ლაშა ხვიჩია.
როგორც ლუდმილა ღლონტი აღნიშნავს, საქართველოს მთათაშუა დეპრესიის ფარგლებში ძირითადად გავრცელებულია თერმული და გოგირდწყალბადიანი მინერალური წყლები, რომლებსაც, განსაკუთრებული ქიმიური შედგენილობის წყალობით, გააჩნია კანის, გულ-სისხლძაღვთა, ძვლოვან-სახსროვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალო თვისებები. ამჟამად ამ წყლების ნაწილის რესურსი ათვისებულია და მის ბაზაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ბალნეოლოგიური კურორტი, თუმცა ამ ტიპის წყლების გარკვეული ნაწილი, არასაკმარისად შესწავლის გამო, ჯერაც გამოუყენებელია. მეცნიერის თქმით, წყლების რესურსების და ქიმიური შედგენილობის დაზუსტება-წარმოჩენა ბიძგს მისცემს მათ ბაზაზე ახალი სამკურნალო ობიექტების, ბალნეოკურორტების, სანატორიუმების შექმნასა და მათ ფუნქციონირებას.
„საქართველოს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი რესურსული პოტენციალი მაღალია. რაოდენობრივად წყაროების დებიტი საკმარისია როგორც შიდა მოხმარებისა და სამკურნალო ბალნეოლოგიური გამოყენებისთვის, ისე საერთაშორისო ექსპორტისთვის. წყლების უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, როგორიცაა ბუნებრივი გოგირდწყალბადი, მიკროელემენტები, თერმომინერალური წყლები, ხარისხობრივად მათ უნიკალურ ნიშას აძლევს მსოფლიო ბაზარზე. ბუნებრივი მინერალური წყლების მდგრადი გამოყენების მთავარი გამოწვევებია რესურსების გადამეტებული გამოყენება, ქიმიური შემადგენლობის ცვლილების რისკი, დაბინძურება, კლიმატის გავლენა, ტექნიკური პრობლემები და არასაკმარისი მონიტორინგი. მათ დასაძლევად საჭიროა გონივრული კვოტები, მკაცრი მონიტორინგი და წყაროების დაცვა, რათა მინერალური წყლები მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნდეს. კვლევის შედეგები ინტეგრირდება რეგიონის სტრატეგიაში სამი მიმართულებით: სამედიცინო – ოფიციალური აღიარება და სამკურნალო ცენტრების განვითარება; ტურისტული – კურორტების მოდერნიზაცია, ბრენდინგი, საერთაშორისო მარკეტინგი; გარემოსდაცვითი – წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება. კვლევის ფარგლებში, არსებული ფონდური მასალების და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე, ვადგენთ მინერალური წყლების გამოსავლებს. ჩვენი კვლევის მიზანია ახალი მინერალური წყლების გამოსავლების მოძიება-აღწერა და არსებული წყაროებისა და ჭაბურღილების მონიტორინგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში სამომავლო კვლევები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: მინერალური წყლების გრძელვადიან მონიტორინგს, რა დროსაც რეგულარულად უნდა მოხდეს სეზონური ნიმუშების აღება და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება; წყაროების ციფრული რუკების შექმნას GIS ტექნოლოგიებით; ასევე, წყლების უნიკალური თვისებების კვლევასა და საერთაშორისო პოპულარიზაციას“, – აცხადებს ლუდმილა ღლონტი.
სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტი – „საქართველოს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების კვლევა მათი ჰიდროქიმიური მახასიათებლებისა და რესურსული პოტენციალის დადგენის მიზნით“ – სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევაა, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს შეაფასოს ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესი და პრაქტიკა. კვლევა ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას: ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მინერალური წყლების რესურსების რაოდენობრივი და თვისებრივი შეფასების მეცნიერულად სარწმუნო ბაზის შექმნას, რაც აუცილებელია მათი რაციონალური, მდგრადი და ეკონომიკურად მიზნობრივი გამოყენებისთვის; მეორე მხრივ კი, მნიშნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების დაცვაში. გარდა ამისა, მინერალური წყლების მართვის ოპტიმიზაცია და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის რეგიონული ტურიზმისა და სანატორიულ-ბალნეოლოგიური სექტორის გაძლიერებას, ასევე, ბუნებრივი გარემოს კონსერვაციას. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მსგავსი კვლევები განაპირობებს მიწისქვეშა წყლების რეზერვების გადამეტებული ამოღების პრევენციას და ხელს უწყობს ეკოსისტემის წონასწორობის შენარჩუნებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია კლიმატური ცვლილების ფონზე.