ვიცი, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ჩვენც გვინდა, უბრალოდ, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პროცესს, სხვა სტრატეგია გვაქვს და ჩვენი გზებიც აქ იყოფა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილს დიდ პატივს სცემს.
„ლევანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან ყოჩაღი, გულადი ბიჭია და ძალიან მონდომებული. ვიცი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ამ ხელისუფლების. უბრალოდ, ჩვენც ანალოგიურად გვინდა, რომ დავამარცხოთ და გამოვყაროთ ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს და სხვა სტრატეგია გვაქვს, ლევანს და დანარჩენებს – სხვა სტრატეგია, ჩვენი გზებიც მანდ იყოფა. ჩვენ ჩვენს გზაზე გაგვიმარჯოს, ლევანს – თავის გზაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უწერია თუ არა მშვიდობიან რევოლუციურ გზას განხორციელება, ელისაშვილმა უპასუხა, რომ 4 ოქტომბერს გამოჩნდება.
„აღდგომა და ხვალეო, მაგას გავიგებთ 4 ოქტომბერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს“.