ნამდვილად ჩვენი საერთო ინტერესია, შევაჩეროთ მკვლელობები, კარგია იმის მოსმენა, რომ ვმუშაობთ ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ათასობით უკრაინელი ბავშვი, რომლებიც გაიტაცეს, უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ, ევროპელები აქ ვართ, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვქონდა ფანტასტიური ნატო-ს სამიტი, ახლა აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, მკვლელობების შეჩერებისთვის. ეს ნამდვილად ჩვენი საერთო ინტერესია, რომ შევაჩეროთ მკვლელობები. ძალიან კარგია იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ასევე მადლობა მინდა, გადაგიხადოთ, რომ ახსენეთ ათასობით უკრაინელი ბავშვი, რომლებიც გაიტაცეს. ყველა ბავშვი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ ბავშვები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.