თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კვლევები, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიულ სისტემებში ინოვაციური მასალებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარის, პროფესორის, დოქტორ ანდრე ბატაკოს სტუ-ში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კვლევით ინიციატივებს, რომლებიც პასუხობენ როგორც თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს, ასევე პირდაპირ უკავშირდებიან სამრეწველო ინოვაციებისა და ეროვნული ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებებს.
„ამ კონტექსტში, მაღალი შეფასების ღირსია კვლევა, რომელიც ეძღვნება ფართოზოლოვანი ანტენების შექმნის მეთოდოლოგიას, პოლიმერული მასალების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების გამოყენებით, ინდუსტრია 4.0-ის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კვლევა წარმოადგენს შინაარსობრივად და მეთოდოლოგიურად გააზრებულ მცდელობას, დაფუძნდეს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მოქნილი, მსუბუქი, ეფექტიანი და ფართოზოლოვანი ანტენური სისტემები, სრულად ინტეგრირებადი თანამედროვე ციფრულ და ავტომატიზებულ სამრეწველო პლატფორმებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კვლევით ინიციატივებს, რომლებიც პასუხობენ როგორც თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს, ასევე პირდაპირ უკავშირდებიან სამრეწველო ინოვაციებისა და ეროვნული ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებებს“, – აღნიშნა ლომინაძემ.
უნივერსიტეტის ცნობით, ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ლაზერული დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნანა ბაქრაძის მიერ, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის პროექტის – „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, ფარგლებში იქნა მოწვეული.
„პროფესორმა ბატაკომ საქმიანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ თამარ ლომინაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლებთან და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან. შეხვედრის მთავარ მიზანს, სტუ-ის და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი კონსორციუმის ინიცირების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამომავლო კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეის განხილვა წარმოადგენდა. ამის გარდა, პროფესორი ანდრე ბატაკო ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგრანტო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო სამუშაოებში.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტი- „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, ითვალისწინებს პოლიმერულ მასალათა ზედაპირების მიზანმიმართულ ლაზერულ დასხივებას, რის შედეგადაც მასალების ზედაპირებზე წარმოიქმნება ახალი ტიპის თვისებების მქონე მთელი რიგი მოდიფიცირებული უბნები. პროექტის შესრულების შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი მიზნები: ლაზერული ზემოქმედებით პოლიმერულ ზედაპირებზე მიღებული გარკვეული გეომეტრიისა და ელექტროგამტარობის ტიპის უბნების კვლევა, ელექტრონიკასა და ელექტროტექნიკაში გამოყენების მიზნით; სტუ-ის მკვლევართა მიერ მიღებული გარკვეული ტექნოლოგიის და კონსტრუქციის პოლიმერების ზედაპირებზე ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების კვლევის საფუძველზე, შემუშავებული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების (1-10 გჰც) დამზადების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ლომინაძემ აღნიშნა, კვლევა მნიშვნელოვან ინოვაციურ პოტენციალს მოიცავს და ეხმიანება თანამედროვე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განვითარების გლობალურ ტენდენციებს.
„იგი აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ მასალათმცოდნეობას, კომუნიკაციის სისტემების ინჟინერიას და წარმოების ინტეგრირებულ პროცესებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კვლევისთვის შერჩეული მეთოდოლოგია – ლაზერული დასხივებით ელექტროგამტარი უბნების ფორმირების გამოყენება პოლიმერულ მასალებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს ერთ-ერთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ელექტრონული კომპონენტების მინიატურიზაციისა და მოქნილი, მაღალი წარმადობის ანტენების დამზადების მიმართულებით. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე ინდუსტრიული სექტორისთვის, საინჟინრო, სატელეკომუნიკაციო და მექანიკური სისტემების განვითარებისთვის“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის იდეას და განხორციელებას საფუძვლად დაედო მკვლევართა გუნდის მიერ მიღებული პატენტი – ელექტროგამტარი ბილიკის მიღების მეთოდი № 1642658 СССР, А/(51) 5В29С71/04,1990 წ, რომლის ბაზაზეც გამოკვლეული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების დამზადების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების შესაძლებლობები.