ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

სალომე ზურაბიშვილი – „ოცნება“ ცდილობს, კონკურენტები დაარწმუნოს, რომ არჩევნებში მოგების შანსი აქვთ, რეალურად რეჟიმს მონაწილეობის იმიტაცია სჭირდება, რომ შესაძლო მესამე ძალის ფორმირებას გადაუკეტოს გზა

„ოცნება“ ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება სჭირდება, არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მათ სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ აქვთ სერიოზული შანსი „მერიის მოგების“, ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია, მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს, პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა სხვა ძალა გაქრება.

„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში ვკითხულობთ : “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს.” ეს განცხადება გაკეთდა მამუკა ხაზარაძეს მონიტორინგის დაწყებასთან მიმართებაში.

კი მაგრამ „თითოეულ მოქალაქეს“ უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონობის კორუფციულ სქემების შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშვების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს – კერძოდ მათ მიერ „მიტანილი“ თანხები ბიუჯეტის მაგივრად (სადაც ვერ აისახება) სად მიდის. მაშინ დავიჯერებთ, ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას. მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ. პირიქით არის: ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის. გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სისწორეს და უჩენს რწმენას რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება – რუსეთის პროკურატურის დახმარებით – ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე… ვითომცდა სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა.

სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამითი არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი „მერიის მოგების“. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს. რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია. მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რამე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს აწი) არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს. მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა სხვა ძალა გაქრება. დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნიუ იორკ თაიმსი“ – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინთან და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი გეგმავს, ერთობლივი შეხვედრა გამართოს პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები.„ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ამ გეგმის შესახებ უკვე აცნობა ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ  გაიმართა. საუბარში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გათავისუფლებლოს ის

ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი სოციალურ ქსელში წერს.„მე ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა და ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს მაიკლ ო’ფლაჰერტი.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით და მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის შეფარდებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, შერჩევით იყენებს „საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ”. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს ის და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები

ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას ორი წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და უსამართლოდ დაკავებული პირები“.„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას, მის ევროპულ მისწრაფებებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ

რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა.სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს.სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.ამასთან, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გეგელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“.

ბოლო სიახლეები