„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავლის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც აყალიბებს ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის მომზადებულ, კრიტიკულად მოაზროვნე და ინოვაციაზე ორიენტირებულ თაობას. საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია იყოს კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მართვის სისტემების, როგორც პროგრესის ბირთვის, შესწავლა აუცილებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე 72 წელია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა. 2025/2026 სასწავლო წლისთვის მივიღებთ პირველ ნაკადს კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ფაკულტეტი ახორციელებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან ABET აკრედიტებულ პროგრამას და პარალელურად ABET აკრედიტაციისათვის ვამზადეთ 5 პროგრამას: ბიოსამედიცინო ინჟინერია (ქართული), კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისური და ქართული), კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისური და ქართული). ასევე, CIF პროექტის ფარგლებში მზადდება ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა IoT-სისტემების და დისტანციური სწავლების ლაბორატორიები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა 3 კომპიუტერული ლაბორატორია. კურსდამთავრებულთ ფონდის მხარდაჭერით სრულად განახლდა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სააუდიტორიო და ლაბორატორიული ფონდი.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს კომპიუტერული ინჟინერიის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამის მიმართულებით. პროფესორი თალიკო ჟვანია, კიდევ ერთხელ ულოცავს იმს-ის ფაკულტეტის სტუდენტებს, ძიუდოისტ ზაურ დვალაშვილს, საქართველოს ჩემპიონს, აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის და ასევე მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს მორიგ წარმატებას, ასევე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრს ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონობას და გამარჯვებებს უსურვებს მათ.
„2024/2025 სასწავლო წელი ჩვენი ფაკულტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ფაკულტეტის ორგანიზატორობით ოთხი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2024”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა სტუდენტებმა; დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“; მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას ნანოტექნოლოგიების მიმართულებით – „Nano 2024“; ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კომუნიკაცია და ქსელები“, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ჩვენი ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად იყვნენ მსოფლიოს უდიდესი ტექნიკურ პროფესიული ორგანიზაციის ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის აი-ტრიპლ-ის წევრები. მიმდინარე წელს ჩავატარეთ სამეცნიერო ფორუმი „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“. სტუდენტების მხარდასაჭერად გრძელდება სტაჟირების პროგრამა, სადაც სტუდენტებისთვის გამოყოფილია სახელოსნო და სტაჟირების სივრცე. ფაკულტეტზე ხორციელდება პროექტები – “სტუდენტი სტუდენტისთვის”, “პროფესორი პროფესორისათვის”. ჩამოყალიბდა კიბერსპორტის კლუბი. 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა 89-ე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში. ჩვენი კურსდამთავრებულები ფორბსის მიერ შერჩეულ 30 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდნენ. ჩვენი კურსდამთავრებული ლადო ბიწაძე ჟენევაში AI for Good-ის სამიტზე წლევანდელი Innovate for Impact-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისათვის. ჩვენი პროფესორები ჩართულნი არიან ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტში – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), პროექტის ფარგლებში წელს სამუშაო შეხვედრები გაიმართა სომხეთსა და საქართველოში. ახალ სასწავლო წელს ახალი შემართებით ვხვდებით, წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებსა და კოლეგებს”, – აცხადებს დეკანი.
სტუ-ის ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წელს, იმს-ის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, მათ შორის: პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისათვის; მოძრავი ობიექტის იდენტიფიკაცია რეალურ დროში; მრავალფუნქციური შენადნობებისათვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით; ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება.