შაბათი, ივლისი 26, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო 1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1999 წლის 23 ივლისის უდიდესი საინჟინრო და სამეცნიერო მიღწევა – ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება – წარსული წარმატება არ არის, ეს საყრდენი წერტილია მომავალი საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს, სამეცნიერო საზოგადოებას, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილსა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული, 26 წლის წინ, ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გაშვებით, ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.

„1999 წლის 23 ივლისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე, გავიდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური საინჟინრო ნაგებობა – დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა აქვთ, სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაატარონ, შესაბამისი ცოდნა კი მომავალ თაობებს გადასცენ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. მიღწევამ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას.

გასაშლელი რეფლექტორის წარმატებული ექსპლუატაცია ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ისეთი საინჟინრო ამოცანების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე კოსმოსურ ტექნოლოგიებთან. ის ფაქტი, რომ მსგავსად რთული ტექნოლოგიური ობიექტი შეიქმნა და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს დამოუკიდებელ ორბიტაზე, მიუთითებს ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მაღალ პროფესიონალიზმზე, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის უნარზე.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა და იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო პროექტების განხორციელებას. 1999 წლისა და შემდგომი მიღწევები ამის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც საფუძველს ქმნის მომავალი კვლევითი და ტექნოლოგიური ინიციატივებისათვის.

გილოცავთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს!”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.

ცნობისთვის, 26 წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას. ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“. სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით კილაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია

მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებით იასპარეზა დავით კილაძემ (65 კგ), რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.ძალოსანმა ატაცში 101/106/108  კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში თავი 127/130/132 კგ-ს გაართვა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 240 კილოგრამით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო – მან ატაცსა და აკვრაში 4-4, ორჭიდში კი 8 კილოგრამით შეძლო ქვეყნის რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

„ცხედარს, დაუზიანებელი ადგილი არ ჰქონდა…“ – დაკავებულია ყაზახი ბიზნესმენი, რომელმაც ცოლი ჯერ აწამა, შემდეგ ცხენს გამოაბა

ყაზახეთში მამაკაცმა ორსული ცოლი ცხენზე მიაბა და სიკვდილამდე ათრია. ყაზახეთში მამაკაცი ეჭვმიტანილია 32 წლის ორსული ცოლის სასტიკად მკვლელობაში, მათი ორი წლის ქალიშვილის თვალწინ. მან ქალი ცხენის უნაგირზე მიაბა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორში მისდევდა, სანამ მსხვერპლი მტკივნეული სიკვდილით არ გარდაიცვალა. საშინელი ისტორია ადგილობრივმა ჟურნალისტმა, სანდუგაშ დუისენოვამ გაახმაურა.ტრაგედია სოფელ ბალასაზში მოხდა. აიბარ ჟანბოლატს ცოლთან ჩხუბი მოუვიდა. ნათესავების თქმით, აიზატ ჯუმანოვა ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც შეიძლება შევადაროთ არა უბრალო ცემას, არამედ ნამდვილ წამებას. ამის შემდეგ კაცმა ქალი ცხენზე მიაბა და მინდორში გაუშვა. რამდენიმე საათის შემდეგ, აიზატის სხეულზე თითქმის აღარ დარჩა დაუზიანებელი ადგილი.მოგვიანებით, ექსპერტებმა სხვა საშინელი დაზიანებებიც აღმოაჩინეს.„სამედიცინო დასკვნა წამების მეთოდების ჩამონათვალს ჰგავს: დახურული ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის დაჟეჟილობა და შეშუპება, თავის ქალას ფუძის მოტეხილობა, კიდურებისა და მენჯის მრავლობითი მოტეხილობები, უხეშ ზედაპირზე თრევის კვალი. „მუხლებზე აქერცლილი კანი, ამოვარდნილი და მოტეხილი თითები, დაწყვეტილი იოგები და სხეულის ისეთი ადგილები, რომლებიც სისხლიდან დაცლამდე იყო დაზიანებული“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.გარდაცვლილის დედის თქმით, მისმა ქმარმა მოაწყო მისი ქალიშვილის სიკვდილით დასჯა, როგორც ეს უძველესი რიტუალების დროს იყო. დამწუხრებულმა ქალმა განმარტა, რომ უძველეს დროში დამნაშავე ადამიანებს სტეპში მანამ ათრევდნენ, სანამ „მხოლოდ გატეხილი ჩონჩხი არ დარჩებოდა“. ახლა აიზატის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ცდილობს. პოლიციამ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიცოცხლის მოსპობით გამოწვეული მძიმე ზიანის მიყენების მუხლით. თუმცა, გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ რეალურ მკვლელობაზეა საუბარი.სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეჭვმიტანილი, აიბარ ჟანბოლატი, წარმატებული ბიზნესმენია: მას ცხენების უზარმაზარი ჯოგი ჰყავს და ერთხელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც კი იყრიდა კენჭს. გარდაცვლილის ორი წლის ქალიშვილმა მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა, თუმცა ჯერ ვერ საუბრობს. ახლა, ნათესავების თქმით, ბავშვი გამუდმებით ტირის და დედას ეძახის.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს.„ახლა რაც შეეხება ჩემს მუდმივ განსჯის საგანს გათხოვება-გამოთხოვების შესახებ! ძალიან მაგრად დამღალეთ მეც და ხალხიც დაიღალა!თხოვნაა,რომ დაოკდეთ გაუგებარ გვერდებში მომუშავე ადამიანები და შეეშვათ სიცრუის გავრცელებასთქვენი მიზანია მხოლოდ ის რომ, გამომწერების რაოდენობა გაზარდოთ ნუ აფრიალებთ სხვადასხვა ადამიანის ფოტოებს ვითომ ჩემი შეყვარებულია,რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება თუ საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ დავწერ ამის შესახებ მადლობა ნახვამდის“,- წერს ნინი ბადურაშვილი.

200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს

200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.ერთობლივ წერილს ხელს აწერს 221 დეპუტატი.„გვესმის, რომ გაერთიანებული სამეფოს არ აქვს ძალაუფლება, უზრუნველყოს პალესტინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, გაერთიანებული სამეფოს მიერ აღიარებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა. ამიტომ მოგიწოდებთ, გადადგათ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნულია წერილში.წერილის ხელმომწერი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, მომავალ კვირას გაერო-ს კონფერენციაზე დასახოს, როდის და როგორ იმოქმედებს თავის დიდი ხნის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეყრდნობა.

საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები,რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა,  გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე“, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

ბოლო სიახლეები