ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ და FAO-ს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (“ტექინფორმი”) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, საქართველოში FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI – Agricultural Science and Technology Indicators) პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისის (რომი, იტალია) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან პარტნიორობით, სტუ-ის ინსტიტუტ “ტექინფორმის” კოორდინატორობით გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ რეგიონული დამკვირვებლები, სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერები ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც კვლევაში ჩართული იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: FAO-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი იამზე მირაზანაშვილი, სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი “ტექინფორმი”, მისი დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის სახით, რომელმაც 2024 წელს მონაწილეობა მიიღო FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის სამუშაო შეხვედრაში. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, სამწლიან ჭრილში, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მონაცემების შეგროვების მოდელის დახვეწა FAO-ს მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად და მისი გარდაქმნა ეროვნული სტატისტიკის სისტემის განუყოფელ ნაწილად.

„2024 წელს FAO ASTI საპილოტე პროექტი ჩატარდა მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ერთი წლის განმავლობაში, FAO-ს კოორდინაციით, შემუშავდა სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის გზები. შემუშავდა სპეციალური კითხვარები და დაიგზავნა შესავსებად სოფლის მეურნეობის კვლევებით დაკავებულ უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში. დაგროვილი მონაცემები დამუშავდა და საპილოტედ აისახა FAO-ს პორტალზე შემდგომი დამუშავებისა და ანალიტიკისთვის. დაიდო საკმაოდ საინტერესო და სამსჯელო სტატისტიკური და ანალიტიკური შედეგები. ამ ფონზე, ერთი წლის შემდეგ „ტექინფორმი“, როგორც პროექტის კოორდინატორი საქართველოში ატარებს ორდღიან სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს სათავო ოფისის ხელმძღვანელობით, კვლევებისა და განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, პრეზენტაციისა და შედეგების განსახილველად. ვიმსჯელეთ შემუშავებულ სტატისტიკურ ანალიზსა და მიღებული შედეგების პრაქტიკულ ღირებულებაზე. მონაცემების შემდგომი დამუშავებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება საყურადღებო რეკომენდაციების გაწევა და სამოქმედო გეგმის დახვეწა, რაც იქნება კონკრეტული ნაბიჯები მონაცემთა სისტემატიზაციის, ანგარიშგების და პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. ტექინფორმის მონაწილეობით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ინსტიტუტ “ტექინფორმის” დირექტორს ნელი მახვილაძეს, დირექტორის მოადგილეს მარიამ რაზმაძეს, პროექტში ჩართულ ყველა მეცნიერს და წარმატებები ვუსურვო მათ“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღონისძიების მნიშვნელობის შეჯამებისას აცხადებს, რომ “ტექინფორმი”, პროფესორ ნელი მახვილაძის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის კვლევით სფეროში პოზიციონირებს როგორც კოორდინაციისა და მონაცემთა სისტემატიზაციის საკვანძო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წლიდან, სხვადასხვა სამეცნიერო ხაზით, თანამშრომლობს FAO-სთან. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ღონისძიება აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონში, როგორც ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას სოფლის მეურნეობის კვლევის მიმართულებით. მონაწილე ქვეყნები აყალიბებენ თანამშრომლობის პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართულ მეცნიერებას, კვლევისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარონ მეზობელ ქვეყნებთან. რექტორის განცხადებით, „ტექინფორმი“ უკვე 67 წელია სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოებს ასრულებს, რომლებიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საფუძველია. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ნელი მახვილაძეს მადლობას უხდის ინსტიტუტის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციებისა და რეკომენდაციების სისტემის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ მოძიებული უახლესი ინფორმაციის გამო. როგორც რექტორი აღნიშნავს, ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში შემუშავებული მონაცემთა ბაზა სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემაა, რომელიც აქტიურად ივსება და ვითარდება. „ტექინფორმი“ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, რომელიც ტექნიკურ სფეროში კვლევით პუბლიკაციებს უყრის თავს და მათ ბაზაზე ორენოვან რეფერატულ ჟურნალს გამოსცემს.

„უნივერსიტეტისთვის, რომელიც საუკუნეზე მეტია ემსახურება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება. საქართველო აქტიურად არის ჩართული აგრარული სექტორის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების სისტემურ გაანალიზებაში. მნიშვნელოვანია, რომ ASTI-ის ქსელის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი დარგში პოლიტიკის ფორმირებას ემსახურება. ამ სამუშაო შეხვედრამ კი, რეგიონის მასშტაბით, ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ASTI-ის ქსელი სწორედ ამ მიდგომის გაძლიერებას ემსახურება. ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებულ შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება, აგრარული განათლება და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. ვფიქრობ, ინტეგრირებულმა მიდგომამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებს ეფუძნებოდეს და სფეროს მდგრად განვითარებას ემსახურებოდეს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაციის გზები განიხილეს. როგორც „ტექინფორმის” დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, საქართველო დროებითი კვლევიდან გრძელვადიან, სისტემურ მონაცემთა შეგროვებაზე გადადის, რაც მოითხოვს კადრების, ინფრასტრუქტურისა და რესურსების ზრდას, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორი ინსტიტუციები განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს მიიღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძე – ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული

ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამალდამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.„ადრე მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, სულ მცირე, შეძლებს, აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული. ჩვენ ამ მხრივ ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული, მათ შორის, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით. ესეც, თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტიანობას ემსახურება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია პროცედურები, პროგრამების შემუშავება, ფსიქოლოგის ჩართულობა. 15 აგვისტოდან უქმდება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ პაციენტების ინტერესებს, თუმცა მათაც მოუწევთ სიახლეების მიღება. ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ. ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კახა კალაძე – ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება ოფიციალური წარდგენა, მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას

ქალაქის მოქმედი მერი ვარ, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ღიად ისაუბრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.ამგვარად, კალაძემ უპასუხა კითხვას – ვის ელოდება კონკურენტებად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ვინ შეიძლება, გახდეს მისი საპირწონე.როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნება“ საარჩევნო კამპანიას მალე დაიწყებს.„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მზადება, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია გამარჯვებას მოიპოვებს.„რეიტინგებს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე მერების თვალსაზრისით მიიღებს 100-პროცენტიან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა, მეორე მხარეს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა, ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება – თუ...

იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადგან ვინმეს თუ უნდა, მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს, თუ რა დგას სასწორზე ევროპული ბიუროკრატის მხრიდან.„ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ყველას ერთი ვალდებულება გვაქვს, სიმშვიდე იყოს და არჩევნებში მოქალქეს ჰქონდეს უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, ამის დამკვირვებელი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი

საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს, ყველას, ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალაქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით,  პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი საარჩევნო გარემო უნდა შექმნას.„პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემო უნდა შევქმნათ. ოპოზიციაში არაადეკვატურები არიან, ავნებენ ქვეყანას. პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენეს, რომ დაპირისპირება მომხდარიყო, ამისთვის იყენებენ თვითმმართველობის არჩევნებსაც, ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი შეცვალონ და ასევე ხელისუფლების და რევოლუციური პროცესები განავითარონ. გაიხსენეთ პრეზიდენტის არჩევნები, ჩემი წინამორბედის არჩევნები, რა ხდებოდა, პრეზიდენტის არჩევნებზე ხომ არ ჰქონდათ აქცენტი, ისევ დაირაზმნენ და ისევ რევოლუციური სცენარები იყო. ყველა არჩევნებზე ჰქონდათ რევოლუციური სცენარები. კონკრეტულ სახელმწიფოებს კი არა, შენს ხალხს დაანახე, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, აგერ „ქართული ოცნება“, რაღაცა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ის შესაძლებლობებით, რომლებიც გვაქვს, უფრო კარგად შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. აჩვენე აბა, რის გამკეთებელი ხარ, ამას არ აკეთებენ, დამოკიდებულები არიან. საქართველოს მოქალაქემ ობიექტურად უნდა შეხედოს ყველაფერს, ადვილად ჩანს ყველაფერი, დანარჩენი ხელოვნური თემებია, რომლებიც მილევადია და უნდა გავხადოთ მილევადი, არ მივცეთ საშუალება, ვიღაცამ ქვეყანა აგვირიოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.კითხვაზე, რა იქნება მისი, როგორც პრეზიდენტის როლი თვითმმართველობის არჩევნებზე, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ რიგითი მოქალაქის მსგავსად დამკვირვებლის მდგომარეობაში იქნება.„საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს, ყველას, ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, როგორც შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას და კანონს. ამის დამკვირვებლები ვიქნებით ჩვენ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, სხვანაირად არც ვერევით პროცესში, არც არის ეს პრეზიდენტის საქმე, მაგრამ ვიქნები დამკვირვებელი, როგორც მოქალაქე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამინდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.თაკო ჩარკვიანის თქმით, უკვე მესამე დღეა რაც სიცხემ იკლო.,,უკვე მესამე დღეა რაც სიცხემ იკო. ექიმები იძახიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე მესამე დილაა, რაც სიცხემ იკლო და ეს ძალიან კარგი დინამიკაა",-ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ბოლო სიახლეები