„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ ამ ინოვაციური და ინტერდისციპლინური პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროში, რომელსაც საქართველოში ღრმა ფესვები და ისტორიული დატვირთვა აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HESˑSO) დელეგაციასთან შეხვედრისას, „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზუსტად მსგავს პროექტებზე დაყრდნობით დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომები.
„ასევე შევქმენით საერთო კვლევითი სივრცეები და გავაძლიერეთ საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხიან განათლებასა და ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნა ლომინაძემ.
სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო პროექტის – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“ – ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HESˑSO) მევენახეობისა და მეღვინეობის უმაღლესი სკოლის პროფესორები და სტუდენტები ეწვივნენ.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საერთაშორისო პროექტის – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025” – ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის სლოგანია: „მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია: შვეიცარიის ალპებიდან და ნაპირებიდან მეღვინეობის აკვნისაკენ“.
მისივე განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შვეიცარიის HES-SO უნივერსიტეტთან, ჩანგინის მევენახეობისა და მეღვინეობის სკოლასთან გაფორმებული 5-წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, 2018 წლიდან თანამშრომლობს. ვიზიტის განმავლობაში იგეგმება მემორანდუმის განახლება, ასევე, ავსტრალიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალი მემორანდუმების გაფორმება.
„ზაფხულის უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება, კულტურათშორისი უნარების განვითარება და საერთაშორისო პროფესიული კავშირების შექმნა. პროგრამაში მონაწილეობენ ბაკალავრიატის მაღალი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ზაფხულის სკოლა ორგანიზებულია შვეიცარიის HESˑSO უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენს Vinifera EuroMaster პროგრამის პარტნიორ პროექტს, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ერთად, ვიზიტით გვეწვია Vinifera EuroMaster პროგრამის მენეჯერი და ზაფხულის სკოლის თანახელმძღვანელი პატრის ლალემანი. 40-კაციან დელეგაციას აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა უმასპინძლა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფაკულტეტს ეძლევა შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო სტუდენტებს და გაუზიაროს მათ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ გააცნოს მათ ქართული ვაზის და ღვინის უნიკალური მემკვიდრეობა“, – განაცხადა ნინო ჩხარტიშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HES SO) დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ლაბორატორიები, გაეცნენ მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.