აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემას „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე.
ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია რუსი მაღალჩინოსნებისგან რამე პასუხი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შვიდი თვე გავიდა. ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია, დავამტკიცოთ ეს. რუსმა მაღალჩინოსნებმაც იციან, რა მოხდა. და, ჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებენ იმას, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი მეზობელი? ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ბუნებრივია, მოხდეს შემთხვევის აღიარება, როგორც დანაშაულის, დაისაჯონ ისინი, ვინც ჩამოაგდო ჩვენი თითმფრინავი და გადაუხადონ კომპენსაციები მხვერპლთა ოჯახებს, აანაზღაურონ თითმფრინავის დაკარგვა. ყველაფერი ნათელია, როგორც დღევანდელი ცა, თუმცა შვიდი თვის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია. ჩვნი გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის წერილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს. ყველა წერილს პასუხობენ, რომ გამოძიება გრძელდება. ჩვენ დაველოდებით, როდის დასრულდება გამოძიება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამგვარად მოქმედება კონტრპროდუქტიულია. ამას არ დავივიწყებთ. ვაცნობებთ რუსულ მხარეს, რომ ვამზადებთ მასალებს, რათა საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართოთ. ვიცით, რომ ამას, შეიძლება, დრო დასჭირდეს. მალაიზიური ბოინგის საქმეს 10 წელზე მეტი დასჭირდა. 10 წელს დაველოდებით, თუმცა სამართალი უნდა იქნეს მიღწეული. ეს სიტუაცია არ უწყობს ხელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.