პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრის შესახებ წერს.
როგორც გახარია აღნიშნავს, შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების განხილვა.
„ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის – საქართველოს ნამდვილ მეგობარს, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი გახარია.