სამშაბათი, ივლისი 15, 2025

სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 14 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზემდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შმიგალმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც მან „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა. „მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც იბრძვიან ფრონტზე და იცავენ უკრაინას. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის. მადლობა მთელ გუნდს დაუღალავი შრომისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდება უკრაინას“, – წერს დენის შმიგალი.ცნობისთვის, 15 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურა წარადგინა. სვირიდენკო ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შმიგალი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი აშშ-ში უკრაინის ელჩად დაინიშნება.

გიორგი გახარია – მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი რადოსლავ სიკორსკის, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრის შესახებ წერს.როგორც გახარია აღნიშნავს, შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზების განხილვა.„ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის – საქართველოს ნამდვილ მეგობარს, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გამოჩენილ მეცნიერსა და მკვლევარს, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონო ვახტანგ, გულითადად გილოცავთ 75 წლის იუბილეს.მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში თქვენი მრავალწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობა შეუფასებელია. თქვენ, როგორც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არა მხოლოდ განაგრძეთ ქართული მათემატიკის სკოლის უმდიდრესი ტრადიცია, არამედ, მნიშვნელოვნად შეუწყეთ ხელი მის შემდგომ განვითარება-გაძლიერებას.თქვენი სამეცნიერო ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ნაშრომს, სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიას, მიუთითებს იმ დაუღალავ შრომასა და პროფესიონალიზმზე, ასე რომ გახასიათებთ. თქვენი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მაგალითია მომავალი თაობებისთვის, ხოლო თქვენი თაოსნობით განხორციელებული საერთაშორისო კვლევითი პროექტები მნიშვნელოვანი შენატანია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში.გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და სამეცნიერო მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილება კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

კაია კალასი – არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე, ამასთან ერთად, ეს ასევე ევროკავშირის სანდოობის საკითხია

ამ დრომდე ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კალასს წერილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება. მედია დაინტერესდა წერილის შინაარსით და ასევე იმით, რა შეიძლება იყოს მომდევნო ნაბიჯი.„როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან, ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომნადაციები მოცემულია ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარშში. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის, ხაზი რომ გავუსვათ ერთ-ერთს – საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, უზურუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება, მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასევე დისკიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და ასეთი აქ რვა არის. თუ ამ რეკომენდციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მიცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე, მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება გვექნება, თუ ეს რეკონედაციები არ შესრულდება? და მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ოპოზციის რვა ლიდერიდან შვიდი დაპატიმრებულია, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტთან, რომელიც ახლახან მაგალითად მოვიყვანე.ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად, ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასი – მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს, განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია

მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, განხილვა მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს.„„ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება. მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები