მარკო რუბიოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივ დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტებმა ბრიუსს ჰკითხეს, რატომ ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მაშინ, როდესაც რუსეთი შეტევებს ახორციელებს უკრაინის მიმართულებით. ტემი ბრიუსმა განმარტა, რომ ომის დასასრულებლად აშშ-ის პოზიცია არის „ყველასთან ლაპარაკი ნებისმიერ დროს“.
„ბევრი ფიქრობდა, რომ პუტინთან საერთოდ არ უნდა ელაპარაკათ წინა ადმინისტრაციის დროს. მასთან სამი წლის განმავლობაში არ საუბრობდნენ. ასე შეუძლებელია რაიმე შეთანხმების მიღწევა სისხლისღვრის შესაჩერებლად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მკაცრად გმობს რუსეთის მხრიდან თავდასხმების ზრდას.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმების ესკალაციას უკრაინაზე და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულებსა და მათ ოჯახებს. ყოველ კვირას ვხედავთ, რომ რუსეთი ახალ რეკორდს ამყარებს საჰაერო თავდასხმების მასშტაბით. ყველა ქვეყანას სურს რეკორდის დამყარება, მაგრამ არა ასეთის“, – განაცხადა ბრიუსმა.
ტემი ბრიუსის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის მოგვარების საკითხზზე პროგრესის ნაკლებობით.