საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ვასაძის პურის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვასაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მაღალხარისხიანი საწარმოო პრაქტიკის ეფექტიანად განხორციელება. შეთანხმების ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას უშუალოდ „ვასაძის პურის“ საწარმოო ობიექტებზე მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გაიღრმავონ.
ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ხაზი გაუსვა საწარმოო პრაქტიკის რეალურ გარემოში განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესისთვის. თავის მხრივ, გიორგი ვასაძემ დაადასტურა კომპანიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და გაუზიაროს მათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. მისი თქმით, მემორანდუმი წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს უმაღლესი განათლების სისტემის და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის განვითარებისთვის. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის ვიცე-რექტორს თანამშრომლობისთვის, ხოლო სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ღონისძიების ორგანიზებისთვის.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ვასაძის პურს“ შორის მემორანდუმის საფუძველზე დაწყებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სასწავლო პროცესში პრაქტიკულ კომპონენტზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებისთვის. სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა მოითხოვს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ხარისხიან პრაქტიკულ გამოცდილებასაც – „ვასაძის პურთან“ თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს რეალურ საწარმოო გარემოში გაეცნობიან, რაც არა მხოლოდ მათ პროფესიულ უნარებს გააძლიერებს, არამედ გაზრდის დასაქმების პერსპექტივებსაც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კერძო სექტორის პასუხისმგებლობა და მზაობა ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის. სწორედ ასეთი პარტნიორობა ქმნის იმ ბაზას, რომელიც აკადემიურ სივრცესა და ბიზნესს შორის სინერგიას უწყობს ხელს. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ვასაძის პურს“ თანამშრომლობისთვის. მჯერა, ჩვენი ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ადმინისტრატორის, ნიკოლოზ შავერდაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალ პერსპექტივებს უხსნის სტუდენტებს, რომელთათვის, თეორიული ცოდნის პარალელურად, აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების შეძენა, ხოლო რეალურ პირობებში შრომითი გარემოს შეგრძნება და საკუთარი პროფესიული პოტენციალის აღმოჩენა კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს დღევანდელ მოთხოვნებსა და გამოწვევებთან ადაპტირებული საგანმანათლებლო პროცესის აუცილებლობას. განათლებისა და ბიზნესის ტანდემი ამყარებს ინოვაციური, კონკურენტული და მდგრადი ეკონომიკის შექმნის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდები არა მხოლოდ აქტიური მონაწილენი არიან, არამედ იკავებენ ლიდერულ პოზიციებს პროფესიულ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებში. სწორედ ასეთი ტიპის პარტნიორობაზეა აგებული საუკეთესო თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს როგორც პროფესიულ ზრდას, ისე საზოგადოების მდგრად განვითარებას“, – აცხადებს ნიკოლოზ შავერდაშვილი.