თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი დაკავებულია. შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში, საგარეჯოში მოხდა. თორნიკე რიჟვაძის ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრის ფაქტზე, შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ერთი პირი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული. უწყებაში ადასტურებენ, რომ ამ ბრალდებით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. თორნიკე რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.
ალექსი ახვლედიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისში დაინიშნა. ამასთან, ის საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. იქამდე ის 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. უფრო ადრე კი შსს-ს სტრუქტურებში მუშაობდა, კერძოდ 2004 წელს იკავებდა საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს, 2000 წელს კი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ახვლედიანი აქტიურად მონაწილეობს ბიზნესსაქმიანობაში და ფლობს საწარმოთა წილებს საქართველოში, სლოვენიაში, უკრაინასა და ჩეხეთში.
საბანკო ანგარიშებზე ალექსი ახვლედიანს განთავსებული აქვს 367 ათასი ევრო და 176 ათასი ჩეხური კრონა, მის მეუღლეს კი 127 ათასი ლარი, 19 ათასი ევრო და 12 ათასი დოლარი. ნაღდი ფულის სახით კი ახვლედიანი ინახავს 37 ათას დოლარს, 45 ათას ევროს და 12 ათას ლარს.
გასულ წელს ახვლედიანმა უკრაინაში არსებული ბიზნესიდან – სამშენებლო კომპანია “ლანადან” 548 ათასი დოლარის დივიდენდი აიღო, ჩეხეთში არსებული ბიზნესიდან – GSG wine company-დან 119 ათასი ევროს დივიდენდი, სლოვენიაში არსებული ბიზნესიდან – NAVTILUS DOO-დან კი 178 ათასი ევროს დივიდენდი. საქართველოში არსებული ბიზნესიდან შპს Quality Lab-დან 231 ათასი ლარის დივიდენდი, შპს ფალიაშვილის 23-დან კი 73 ათასი ლარის დივიდენდი, ასევე 72 ათასი ლარის დივიდენდი კომპანია შპს სომარი-3-დან.
ალექსი ახვლედიანის ქონება:
- ბინა (თბილისი, ახვლედიანის ქ.) — 72.8 კვ.მ, $75,000
- სხვენი (თბილისი, ახვლედიანის ქ.) — 78.54 კვ.მ, $10,000
- კომერციული ფართი (საგარეჯო, ერეკლე II ქ.) — 1,810 კვ.მ, $700,000
- საცხოვრებელი სახლი (საგარეჯო, ჯაფარიძის შესახვ. 4, N5) — მიწა 520 კვ.მ, სახლი 101.6 კვ.მ, $180,000
- საცხოვრებელი სახლი (საგარეჯო, ჯაფარიძის შესახვ. 4, N3) — მიწა 506 კვ.მ, სახლი 336.6 კვ.მ, $300,000
მიწის ნაკვეთები:
- საგარეჯო (218 კვ.მ) — 10,000 ლარი (მემკვიდრეობა)
- საგარეჯო (6 კვ.მ) — 6,000 ლარი
- საგარეჯო (430 კვ.მ) — $80,000
- სურამი (425 კვ.მ) — $50,000
ჩეხეთი (პრაღა):
- მიწის ნაკვეთი — 3,000 კვ.მ, €485,000
- საცხოვრებელი სახლი — 320 კვ.მ, €860,000
მისი მეუღლის, თამილა არღვლიანის უძრავი ქონება
- ბათუმი (2 ბინა) — 35.3 და 37.2 კვ.მ, თითო $65,000
- თბილისი, კეკელიძის ქ. — 155 კვ.მ, $235,000
- ბაკურიანი — 33 კვ.მ, $80,000
კომერციული ფართები:
- თბილისი, კანდელაკის ქ. — 56.97 კვ.მ, $65,000
- თბილისი, მოსაშვილის ქ. — რამდენიმე ფართი (47.17 კვ.მ, 114.19 კვ.მ და სხვ.), $96,000–$250,000
- თბილისი, ფალიაშვილის ქ. — 144.67 კვ.მ, $180,000
- თბილისი, კეკელიძის ქ. — 170 კვ.მ, $290,000
- ავტოფარეხები თბილისი — სხვადასხვა ადგილას, $12,000–$15,000
- ვენახი (მცხეთა, სოფ. გალავანი) — 2,810 კვ.მ, $70,000
ავტომობილები:
- Land Rover Range Rover Autobiography (2014) — 150,000 აშშ დოლარი
- Land Cruiser 300 (2023) — 105,000 აშშ დოლარი
- ასევე ჰყავს Lincoln Town Car, Volvo S90, Volvo 940, Mercedes Sprinter, Hammer H2
- Audi e-tron (2022) — 84,000 ევრო
- Mercedes-Benz GLK (2014) — 50,000 ევრო
ალექსი ახვლედიანმა საზღვაო ტრანსპორტის ხელმძღვანელის პოსტზე 2023 წელს ივნის-დეკემბერში 67 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო.
ამასთან, უკრაინაში მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან ახვლედიანმა 270 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, უძრავი ქონების იჯარიდან კი მისი შემოსავალი 92 ათასი ლარი, მისი მეუღლის შემოსავალი კი 140 ათასი ლარი იყო.