ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025

მაია ბითაძე – დეზინფორმაცია, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში, ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.

„ჩემთვის პატივია, ვისაუბრო საქართველოს სახელით – ქვეყნისა, რომელსაც ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. იმ დროს, როდესაც ომი ცვლის ჩვენს რეგიონს – უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე – საქართველო წარმოადგენს ზეწოლის ქვეშ მშვიდობის შენარჩუნების იშვიათ მაგალითს. ჩვენ არ ვართ თავისუფალნი საფრთხეებისგან, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად, ინსტიტუტები პოპულიზმის ნაცვლად და გრძელვადიანი ხედვა მოკლევადიანი პროვოკაციის ნაცვლად.

მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ არის ეუთო მნიშვნელოვანი და მისი როლისთვის ძირის გამოთხრა – პოლიტიზირებული დაკვირვების ან შერჩევითი კრიტიკის გზით – არა მხოლოდ უსამართლოა საქართველოს მიმართ, არამედ ეს გამოწვევას უქმნის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს“, – აღნიშნა ბითაძემ.

მისივე თქმით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ ძირითადად დადებითი შეფასების მიუხედავად, საქართველოში ახალი არჩევნებისკენ მოწოდება ძირს უთხრის თავად ეუთო-ს სანდოობას.

„ასეთი განცხადებები იმეორებს რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომლებიც უარყოფილია ქართველი ხალხის მიერ და ქმნის ეუთო-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის პოლიტიზირების რისკს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვისგან.

ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს გაკრიტიკების მცდელობები იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად. ის, რასაც კანადაში, შვედეთში ან დიდ ბრიტანეთში დანაშაულს უწოდებენ, არ შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტები – ეს არის სუფთა ცინიზმი. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს საზოგადოების ნდობას გლობალური პარტნიორობის მიმართ.

დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში — მათ შორის ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში — არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ეს საფრთხეს უქმნის ორივეს. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 30 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას უზიარებს.„უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 30 ივლისის 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.იხილეთ ბმული.გაითვალისწინეთ, რომ: რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.გამოცდა 8 სექტემბერს ჩატარდება.გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება: იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით. იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 -  2023-2024 სასწავლო წლებში სწავლობდნენ უკრაინის, ხოლო  2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავარია ქვიშხეთთან – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვიშხეთთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლორა დალმაიერი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.პენსიაზე გასული გერმანელი ბიათლონისტი პაკისტანის მთებში ქვის ცვენის ქვეშ მოყვა. ქვის ცვენა ყარაკორამის მთებში, ლაილას მწვერვალზე მოხდა.სამაშველო ოპერაცია ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც დალმაიერის მთამსვლელმა პარტნიორმა, მარინა ევამ მაშველები გამოიძახა.მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ცუდი ხილვადობისა და ამინდის გამო, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება ვერ შეძლეს.დალმაიერის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის სიშორის გამო, სამაშველო ვერტმფრენმა ადგილზე მისვლა და მისი დათვალიერება მხოლოდ სამშაბათს დილით შეძლო.შემთხვევის შედეგად სპორტსმენი მძიმედ იყო დაშავებული. მიღებული ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.31 წლის დალმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2019 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი...

პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს - ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომას ეხმაურება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართება.სალომე ზურაბიშვილის თქმით, 1-ელი აგვისტო იქნება დღე, რომელიც ყველას შეეხება და ყველას ლუსტრაცია მოხდება.„1-ელი აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (სახელის ესოდენ დისკრედიტაცია რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს), ერთი ლოყა გალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით ….ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილ ადამიანობის გაღვიძებისა ( ქრისტიანები თუ ვართ სავლე და პავლე მაინც გვახსოვდეს უნდა), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.ეს დღე ყველას ეხება და ყველასი ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას „ნაცების“ მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის ( თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე აწი დახუჭავ თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან … უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვიქტორ ორბანი – ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება, ცეცხლის შეწყვეტის შანსი არ არსებობს.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია.„მე ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გვსურს. ამიტომ, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მჯერა, რომ მან შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ერთი წლის წინანდელი შეთავაზების უარყოფა მშვიდობის დამყარების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ამას, მით უფრო მაღალი ფასი დაჯდება. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ამ ომში დრო მისი ქვეყნის მხარეს იყო. მან უარყო ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დრო რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის მდგომარეობა ადვილი არ არის. ძალიან რთულია ერის გაერთიანება, რომელიც უიმედო ომშია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ბოლო სიახლეები