კვირა, მარტი 15, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საგაზაფხულო სემესტრს იტალიაში, პალერმოს უნივერსიტეტში გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საგაზაფხულო სემესტრს იტალიის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ სივრცეში – პალერმოს უნივერსიტეტში გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცვლითი პროგრამა მოიცავს აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებებს და მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების შეჯერებას თანამედროვე აგრარულ გამოწვევებთან.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ლექციებში, სამეცნიერო პროექტებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში, როგორიცაა ვაზის ვირუსული დაავადებები, სოციალური მარკეტინგი ღვინის ინდუსტრიაში, აგრარული მექანიზმები და მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგიები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ აკადემიური გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობა – ეს არის ნაბიჯი გლობალური სამეცნიერო სივრცისაკენ. საგაზაფხულო სემესტრის გატარება იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმავონ, არამედ უშუალოდ შეეხონ იმ პრაქტიკულ გარემოს, რომელშიც იქმნება თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია ისეთი სპეციალობებისთვის, როგორიცაა აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა და აგრარული ტექნოლოგიები. სტუდენტები იღებენ მრავალმხრივ გამოცდილებას, ეცნობიან ევროპულ სტანდარტებს, გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს თანამედროვე ლაბორატორიებსა და საველე მეურნეობებში, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ პროფესიულ კომპეტენციებს და კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტისთვის კი, მსგავსი პროექტები წარმოადგენენ მძლავრ ბერკეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, აკადემიური რესურსების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვისთვის. სტუდენტების საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მონაწილეობა ზრდის უნივერსიტეტის რეპუტაციას, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელს უწყობს კვლევითი მიმართულებების განვითარებას.

პალერმოში წასულია მაგისტრატურის ოთხი წარმატებული სტუდენტი. მათ შორის: ნიკა ქალიაშვილი, რომლის ინტერესები მოიცავს აკაროლოგიას, ფიტოპათოლოგიას, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვასა და ნიადაგმცოდნეობას. ნიკას პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ფართოა — მან ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ისწავლა პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტში. 2024 წელს კი გახდა აგრო-ლიგის გამარჯვებული მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პალერმოში ნიკას თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ წამყვან პროფესორებთან და მონაწილეობს კვლევით აქტივობებში, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის სამეცნიერო ჰორიზონტს; ირაკლი ათანელიშვილი, რომელიც მუშაობს პროფესორ ანტონინო გალატის ხელმძღვანელობით და იკვლევს, როგორ იყენებენ მცირე და საშუალო მეწარმეები სოციალურ მედიას ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად. მისი დასკვნები მიუთითებს, რომ სწორად დაგეგმილი კამპანიები ზრდის ლოიალურობასა და გაყიდვებს, განსაკუთრებით ნიშურ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე; გიორგი ლაზარიაშვილი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც არიან სტეფანო პანო და ანდრეა კარუზო. მისი კვლევა ეფუძნება ვირუსების აღმოჩენის თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომავალში დაეხმარება მას მევენახეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში. გიორგის პრაქტიკული გამოცდილება შთამბეჭდავია: 2025 წელს დააარსა საკუთარი მარანი — მეღვინეობა კამარა, რომელიც ტრადიციულსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. ასევე არის 2024 წლის აგრო ოლიმპიადის პრიზიორი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და ლუკა ქორიძე, რომელიც აქტიურად მუშაობს ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორებთან: სტეფანო პანო, ანდრეა კარუზო, სლავიცა მატიჩი და სალვატორე დავინო. მან გაიარა პრაქტიკული მომზადების კურსი ისეთ თანამედროვე მეთოდებში, როგორიცაა Real Time qPCR, LAMP და Primer Design. იგი იკვლევდა ყველაზე გავრცელებულ ვირუსებს სიცილიის ვენახებში. ლუკა ასევე გახლავთ სტუ-ის წარჩინებული კურსდამთავრებული და მონაწილეობდა გერმანიაში საზაფხულო სტუდენტურ დასაქმების პროგრამაში, რამაც მის პიროვნულ განვითარებასა და პრაქტიკულ მიდგომებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით – „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი  ექიმები და ფსიქოლოგები მოსახლეობას ეხმარებიან… ქუთაისი-ტყიბულის გზა ისევ გადაკეტილია

12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „ტყუილების გავრცელების გამო“

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისა დროს „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

ჰაკან ფიდანი – აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განაცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი  გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით მან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტებზე, როდესაც ირანიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ. როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.

დონალდ ტრამპი – მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება“, –  განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ სატელეფონო ინტერვიუში.„მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, თუმცა ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.ზოგიერთი ინფორმაციით, ხამენეი, შესაძლოა, დაჭრილი იყოს. ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა  განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებული“.

დონალდ ტრამპი – ზელენსკისთან შეთანხმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.ცნობისთვის, აშშ-მა დროებით დაუშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.მისივე განმარტებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება. შემდეგ კი მან უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა.„მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“, – თქვა ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა უარყო უკრაინის შეთავაზება, დაეხმაროს აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.მან განაცხადა, ზელენსკი ბოლო ადამიანია, რომლისგანაც ვაშინგტონს დახმარება სჭირდება.ტრამპს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“:„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები