ორშაბათი, ივნისი 30, 2025

გედევან ფოფხაძე – შიმშილობაზე უფრო ეფექტური არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა, შიმშილობა იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები

შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო.

ფოფხაძის თქმით, შიმშილობას ნამდვილად სჯობს ერთიანი ფრონტით ბრძოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს შეთანხმება ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, უნდა მოხდეს ოპოზიციაში შეთანხმება, რის გარშემო ერთიანდებიან, ამ ერთობის პრინციპები რა არის და ასეთ შემთხვევაში, ერთობას ექნება სასურველი პოლიტიკური შედეგი.

„ქალბატონ სალომეს ჩვენგან განსხვავებული არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ შიმშილობაზე უფრო ეფექტური ერთმნიშვნელოვნად არის მთელი პოლიტიკური და სახალხო საპროტესტო რესურსის კონსოლიდირება და ერთ მუშტად შეკვრა. ჩვენ შიმშილობის აქცია იმიტომ დავიწყეთ, რომ დავინახეთ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ხარვეზები, თორემ ის, რომ შიმშილობას სჯობია ერთიანობა და ერთი ფრონტით რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, უნდა დავამთავროთ მაშინ საუბარი რაღაცა ტაქტიკურ თემებზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთ მუშტად ვიკვრებით, ბრძოლა არის უკომპრომისო, რეჟიმთან არ ვთანამშრომლობთ არანაირი ფორმით, ამ ბრძოლის კონკრეტულ ფორმებზე შევთანხმდეთ, ისეთზე, რაც მართლა შეაჯანჯღარებს რეჟიმს. ის კი არ იქნება, რიმ პოლიციელები მოვლენ და უბრალოდ ჩვენს ყურებას დაიწყებენ, არამედ შეეშინდება რეჟიმს იმისი, რასაც ვაკეთებთ პროტესტის თვალსაზრისით, რადგან ემპათია მათ არ აქვთ. ძალიან კარგად მესმის, რომ რამდენი მოშიმშილეც არ უნდა იყოს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეჟიმის ემპათიას არ გამოიწვევს და არც არაფერს დათმობენ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი – ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას ძველ პასპორტზე ე.წ. ჩიპი ჰქონდა „სკოჩით“ მიმაგრებული, მას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ...

ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს, საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, არ მოსწონდა ხელისუფლება და ამიტომ, თუ სხვა მიზეზის გამო, ეს საუბრისა და კვლევის თემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის თავმდჯომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე წინ იყო, მოლდოვას ძველ პასპორტზე ე.წ. ჩიპი ჰქონდა „სკოჩით“ მიმაგრებული და უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ხოლო საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყო მზად.„საქართველო, უკრაინასა და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ იყო, მიუხედავად ამისა, მოლდოვას, რომელსაც “სკოჩით” ჰქონდა ე.წ. ჩიპები ძველ პასპორტებზე მიკრული, უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ამ ფონზე კი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არ იყო.„ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არადა ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა: მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ა.შ. ვიყავით ორივე ქვეყანაზე და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ. მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ, ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო. ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა, ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-2016 წლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ზაზა თავაძე: ფრონტის ხაზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადის. იგივე პოზიცია აქვს „ლელოს“, ასევე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო...

ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ფრონტის ხაზი ამ რეჟიმთან ბრძოლის, გადის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა თავაძემ. მისი თქმით, ოპოზიციამ უბრძოლველად არცერთი ქალაქი არ უნდა დათმოს.„იგივე პოზიცია აქვს „ლელოს“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი აზრით, უბრძოლველად არცერთი ქალაქი ქართულად ოცნებას არ უნდა დავუთმოთ“, - აცხადებს თავაძე.

შალვა პაპუაშვილი – რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო

ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, “მებრძოლების” (!) მიერ ხელისუფლების “დამხობის” (!) და “ყველას დასჯის” (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

გელა დაიაურის განცხადება ინციდენტის შემდეგ: „მთის კაცს სირცხვილად მიაჩნდა სიმთვრალე — ნუ მოდიხართ, თუ ვერ აფასებთ საღამოს მნიშვნელობას“

თბილისში ღონისძიება „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა, რომელიც პოეტ გელა დაიაურის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე წელია ტარდება.სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გელა დაიაური სპონსორებს მადლობას უხდის და ინციდენტის შესახებ წერს, რომელსაც გუშინდელ საღამოზე ჰქონდა ადგილი.„ვერ მოვითმენ და ალბათ აუცილებელია ვთქვა რამდენიმე სიტყვა წუხანდელი საღამოს," მთის საჩუქარი ბარს", ინციდენტების შესახებ და მათ გასაგონად , ვინც ამ საღამოს კულისებს მიღმა ღრეობდა და ჩხუბობდა.იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო, სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი... მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ.... სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ.ამ ხმაურის და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს...მაპატიოს, იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში... მათ დიდი მადლობა...კიდევ ერთხელ ვიმეორებ,-მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო... მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა...თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე... არ გიცნობთ , არ მიცნობთ!!!მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა... წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი...P.S სირცხვილია..“,- წერს გელა დაიაური.

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილი ერთობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები