სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
„როიტერის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პოლიციელი განალაგა სპეციალური აღჭურვილობით სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე.
გავრცელებული ცნობით, პროტესტის დასრულების შემდეგ რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მანამდე სტუდენტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება. თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.