კვირა, ივნისი 22, 2025

არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ – მედვედევი

არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო ან საერთოდ არ დაზიანებულა და ბირთვული მასალების გამდიდრება და ახლა ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება.

მედვედევის განცხადებით, ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო.

„ასეთი წარმატებით, ტრამპი ვერასდროს მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას, მიუხედავად ამ ნომინაციის ყველა თაღლითობისა. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ

ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენი, თომას მესი, რომელმაც ირანზე აშშ-ის დარტყმები „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით, ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული. მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.

ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი

დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქება სირიის დედაქალაქში, მარ ელიას სახელობის ეკლესიაში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ის ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა.როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს დამასკოში მომხდარი პირველი ასეთი თავდასხმაა.

ჩვილის დედა შესაძლოა არასრულწლოვანი იყოს… – რა არის ამ დროისთვის ცნობილი მარნეულში სარწყავ არხში ნაპოვნ ჩვილზე

მარნეულის რაიონი, სოფელი წერეთელი - ეს უმძიმესი ამბავი ადგილობრივებში ელვის სისწრაფით გავრცელდა - სარწყავ არხში მოზარდებმა ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალშობილი თავიდან სათამაშო თოჯინა ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე შემზარავ დანაშაულთან ჰქონდათ.ქალი, რომლის სახლთანაც ახალშობილი ბიჭი სარწყავ არხში იპოვეს, "კურიერი P.S.-ს" შემთხვევის ადგილს აჩვენებს. გვიყვებიან, რომ ფაქტი ყველასთვის დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ჩვილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, პოლიცია კი ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა."კურიერი P.S.-თან" მომხდარს იხსენებს ის მოზარდიც, რომელმაც სახლის მიმდებარედ სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი პირველმა ნახა.ერთ-ერთი ვერსიით, ახალშობილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ ჭაში ჩააგდეს, დინებამ კი, წყლის მილის გავლით საცხოვრებელი სახლების გასწვრივ მდებარე არხში გამორიყა. ცხედარი სწორედ იმ ადგილას ნახეს, სადაც არხში დამცავი ბადეა მოწყობილი.რა იციან მომხდარის შესახებ სკოლაში? დირექტორი ამბობს, რომ ფაქტი საგანმანათლებლო დაწესებულებას არ უკავშირდება და გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდეს.არავინ იცის, ვინ და რატომ გაიმეტა დაბადებიდან რამდენიმე საათში მცირეწლოვანი. სოფელში ვარაუდობენ, რომ ჩვილის დედა შესაძლოა თავადაც არასრულწლოვანი იყოს. ფსიქოემოციურ ფონზე მიღებული დანაშაულებრივი ნაბიჯი თუ იძულება? - გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.ფსიქოლოგი ნინა გოგოხია უკვე წლებია მუშაობს ქალებთან, რომლებსაც შესაძლოა კანონთან პრობლემები ჰქონდეთ, მის პაციენტებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის მკვლელობისთვის იხდიან. გვიყვება, თუ რა შეიძლება ვითარდებოდეს ადამიანის გონებაში, როცა ის მსგავს დანაშაულზე მიდის.მარნეულის რაიონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ბრალდება, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება მას შემდეგ, რაც პოტენციური დამნაშავის ვინაობა და მოტივი დადგინდება.

„გახარია საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია იმყოფება საზღვარგარეთ, საგამოძებო კომისია უარს აცხადებს დისტანციურად გამოკითხვაზე, დაჟინებით ითხოვს ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა

პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებას ეხმაურება.როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გახარია 23 ივნისს არის დაბარებული, თუმცა საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.პარტიაში აცხადებენ, რომ კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანის საკითხზე.როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. ონლაინ რეჟიმში, რასაც, ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ, ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს. გახარია ჩორჩანის, წაღვლისა და სხვა სოფლების თემაზე სასაუბროდ არის დაბარებული. 

ბოლო სიახლეები