კვირა, ივნისი 22, 2025

„სიენენი“ – აშშ-მა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა

ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.

როგორც „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ოპერაციაში ექვსი ბომბდამშენი იყო ჩართული.

ისპაჰანსა და ნათანზში მდებარე ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების დროს აშშ-ის ძალებმა წყალქვეშა ნავებიდან Tomahawk-ის 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, ასევე B-2-ის ბომბამშენებიდან ჩამოაგდეს ბუნკერის საწინააღმდეგო ორი ბომბი ნათანზში. GBU-57-ის ბომბი მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი.

ფორდო მდებარეობს თეირანიდან სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ყუმის პროვინციაში, მთიან რეგიონში. ეს არის მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ძირითადი გვირაბისგან შედგება. აქ ინახება ცენრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. არსებული მონაცემებით, ფორდოს სადგური 100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავარია რიკოთზე – არის მსხვერპლი

რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა და მათ შემოვლითი გზით გადაადგილება მოუწიათ.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო

ჯეი დი ვენსი – ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან

ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ვენსმა უარი განაცხადა 100-პროცენტიანი დარწმუნებით დაედასტურებინა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა და თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ-მა „მნიშვნელოვნად შეაფერხა“ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების უნარი.„შესაძლებლობების ვიწრო ფანჯარა გვქონდა. ჩვენ შეიძლება, არ გვქონოდა ამ შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ექვსი თვის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ვიწრო ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია, ეს პროგრამა ძალიან დიდი ხნით უკან დავწიოთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვენდობით ჩვენს სადაზვერვო სამსახურს, მაგრამ ასევე ვენდობით ჩვენს ინსტინქტებსაც. ირანელებმა თავად შეწყვიტეს მოლაპარაკებები, ეს იყო ნამდვილი კატალიზატორი“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში განახორციელა.„მე მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, რომ დაუკავშირდეს მათ ამ საკითხზე, რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეზე გამავალ ნავთობზე დიდად არიან დამოკიდებულნი“,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.„თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს კიდევ ერთი საშინელი შეცდომა იქნება. მათთვის ეს ეკონომიკური სუიციდია. ჩვენ გვაქვს ამასთან გამკლავების გზები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა იფიქრონ ამაზე. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკებს ჩვენზე ბევრად მეტად დააზარალებს“, - დასძინა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია კრიზისის დასასრულებლად, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია

ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი, მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.„ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი პიკის გათვალისწინებით, სტაბილურობა უნდა იყოს პრიორიტეტი. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია. ახლა დროა, ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.  

თურქეთის საგარეო უწყება – ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს – მხარეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ

მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ანკარა ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას რეგიონში ისრაელის აგრესიით დაწყებული კონფლიქტის გავრცელებისა და უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციის რისკზე და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ ეს რისკი მაქსიმალურად გაზარდა.„თურქეთი ღრმად შეშფოთებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შესაძლო შედეგებით. მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მხარეებს შორის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს. თურქეთი მზადაა, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები და შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები