საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე უკვე მესამედ აღინიშნა. წლის განმავლობაში დაარსების დღეს, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს საუნივერისტეტო ტრადიცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, 2023 წლიდან დამკვიდრდა.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.
პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს – უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა წლის მანძილზე ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიმდინარე, 2024/2025 სასწავლო წელს განახორციელეს.
„2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტზე შემუშავებულმა კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანმა და კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა, უკვე მიიღეს დადებითი შეფასება აკრედიტაციის ექსპერტების მხრიდან. სამი პროგრამა მომზადდა და შეტანილია კლასტერულ აკრედიტაციაზე. ჩვენი ფაკულტეტის 6 პროგრამა ABET აკრედიტაციისათვის მზადების გადამწყვეტ ფაზაშია. მომავალ წელს კი 16-მა პროგრამამ უნდა გაიაროს კლასტერული აკრედიტაცია, რისთვისაც აქტიური მზადებაა დაწყებული. მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებელთა ხუთწლიან პროგრამაზე, რომლის აკრედიტაციაზე წარდგენა შემოდგომაზე იგეგმება. ასევე, GIF პროექტის – „ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ – ფარგლებში, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, მზადდება ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში, რომელზეც სტუდენტების მიღება მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები. ფაკულტეტს მათთან დამყარებული აქვს მჭიდრო და უწყვეტი თანამშრომლობა. დამსაქმებლები სტუდენტებთან ატარებენ მასტერკლასებს და ინდუსტრიულ ტურებს. ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. მადლობა ადმინისტრაციას ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თალიკო ჟვანიამ.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ შეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები. რექტორის თქმით, 72 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა – „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.
„დღევანდელი დღე გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობას და მის როლს განათლებაში, ეკონომიკაში, ინდუსტრიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ინფორმაციული ტექნოლოგიები და მართვის სისტემები არ არის მხოლოდ ტექნიკური მიმართულება. ეს არის პროგრესის ბირთვი, ყველა ინოვაციური პროცესის საძირკველი – ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, კიბერუსაფრთხოებით დასრულებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, ყოველთვის ლიდერობდა ამ მიმართულებით. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი შვიდი ათეული წელია წარმატებით ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც დღეს წყვეტენ სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებს, ქმნიან ინოვაციურ სტარტაპებს, მართავენ მსხვილ ტექნოლოგიურ პროექტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში განუზომელია. გლობალური კონკურენციის პირობებში, ფაკულტეტის მისია კიდევ უფრო ფართოვდება და მოიცავს მომავლის ლიდერების აღზრდას, მეცნიერების განვითარებას, ციფრული საქართველოს მშენებლობას. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, ადმინისტრაციასა და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც ქმნიან საქართველოში ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მომავლის საფუძველს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, პროფესორ ნოდარ ლომინაძეს და ამავე ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, პროფესორ აკაკი გიგინეიშვილს, ხოლო საპატიო დიპლომები – პროფესორებს: ელისაბედ ხახუტაშვილს, ბადრი მეფარიშვილსა და ლევან გიორგაშვილს. გარდა ამისა, რექტორმა საპატიო სიგელებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების 30-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ფაკულტეტის დღე სტუდენტების მიერ სპეციალურად მომზადებული საკონცერტო პროგრამით დაიხურა.