პარასკევი, ივნისი 20, 2025

„მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია“ — ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას.

ამასთან, რეზოლუციაში საუბარია, რომ „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა“.

„საქართველოს შესახებ  წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, რეგლამენტის 150(5) და 136(4) წესების გათვალისწინებით, ვინაიდან  მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი,  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება; ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონებში, წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის სახიფათო დაჩქარებას და მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას „ქართული ოცნების“ მიერ,  კრიტიკული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების ჩასახშობად; იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედია საშუალებები; იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი საინფორმაციის სივრცე სრულად არის დაპყრობილი პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას; იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა წინასწარი პატიმრობა, რაც  გაპროტესტებულია სახალხო დამცველის მიერ და დანიშნა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია; იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის; ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მან განიცადა არაადამიანური მოპყრობა და 38-დღიანი შიმშილობას მიმართა; ვინაიდან ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს პერსონალური სანქციები ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მზია ამაღლობელის საქმესთან.

მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო; მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ შეტყობინებებს; მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები; სინანულს გამოთქვამს, ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი  თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე; გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნით, ისეთი როგორიცაა, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ითხოვს ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას სამ სამუშაო დღეში. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისი განზრახვით შეუსრულებელია და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მათი საქმიანობის შეჩერებას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი თამაშეები თუ…ილონ მასკი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – დუმის ვიცე-სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადისლავ დავანკოვმა განაცხადა, მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს.ამის შესახებ პარლამენტარმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასკმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ისინი უნდა ეპატიოს.„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ყოველთვის დაველოდებით მას; ის ძალიან მაგარია თავისი ტექნოლოგიითა და ხედვით“, - განმარტა დავანკოვმა.პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ თვეში უნდა მოვიდეს.შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მეწარმე და მილიარდერი ილონ მასკის მამა, ეროლი, ჩავიდა. ის აღფრთოვანებული იყო მოსკოვით და აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქის შედარება ძველ რომთან შეიძლება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს

სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. რაკეტამ ყველა სართული გაიარა და სარდაფშიც ჩააღწია. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, მან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შესძინა. ეს არის განზრახ ჩადენილი ტერორი, იგივე, რასაც პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმია ყველგან აკეთებდა: ჩეჩნეთიდან სირიამდე“, – აღნიშნა მან.ზელენსკის თქმით, უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.„ვისურვებდი, რომ ომი პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს. მე ძალიან ვენდობი მის დახმარებას. ძალიან ვენდობი შეერთებული შტატების გავლენას. სწორედ ეს შეიძლება დაგვეხმაროს. სანქციებია საჭირო. დიპლომატია. უსაფრთხოებაა საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, ახალშობილი პირდაპირ აბანავეს და გული გაუჩერდა…“ – ტრაგედია საბერძნეთში

საბერძნეთში, კუნძულ პაროსზე მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ახალშობილი, ხოლო მისი დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებზეც დღეს მედიასთან ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ახალშობილის სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო. ბავშვი მშობლებს სანაპიროზე, მზის გულზე დიდი ხნის მანძილზე ჰყავდათ, შემდეგ კი, როდესაც სახლში დაბრუნდნენ, დედამ პირდაპირ აბანავა, რამაც მის სხეულში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატება გამოიწვია და ახალშობილს გულო გაუჩერდა.„ბავშვი მზისგან არ დამწვარა, სანაპიროზე სიცხისგან იტანჯებოდა და შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სახლში, ჩრდილში დაეწვინათ, რომ სხეულში ტემპერატურა დასტაბილურებულიყო, პირდაპირ აბანავეს და ამ ყველაფერმა ფატალური შედეგები გამოიწვია.რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაციები, რადგან გამოძიებას მსგავსი არაფერი დაუდგენია და ოჯახის სახლი პოლიციიდან 100 მეტრში მდებარეობს. არცერთი მეზობელი არ ადასტურებს, რომ რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამორიცხულია ერთხელ მაინც არ გაეგონათ რაიმე“, - აცხადებს ადვოკატი.საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენციამდე, რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.სამონასტრო კომპლექსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ფლორენციაში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანი გერჰარდ ვოლფი და კომიტეტის წევრები.ბექა დავითულიანმა და დავით ლორთქიფანიძემ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული სამეცნიერო ლაბორატორიაც დაათვალიერეს.ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ფაქტობრივ მდგომარეობას მინისტრის მოადგილე გელათის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოების წევრებთან ერთად გაეცნო.ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გამოცემა „ა ბოლა“ – გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს „ოქროს თაობის“ წევრია

„ბევრი ნანობს ქოჩორაშვილთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას“, — ამ სათაურით აქვეყნებს პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ წერილს ქართველ ნახევარმცველზე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ლა ლიგაში დაწინაურებული „ლევანტედან“ პორტუგალიურ „სპორტინგში“ გადავიდა.„ქართველი ნახევარმცველი მომდევნო სეზონში „სპორტინგს“ გააძლიერებს. ის საქართველოში სუპერგმირად იქცა და მრავალი ახალგაზრდისთვის მაგალითი გახდა. გიორგი ჭელიძე, რომელიც მის მწვრთნელად ითვლება, ამბობს, რომ პორტუგალიელებს ჯერ წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ არის სინამდვილეში „სპორტინგის“ ახალწვეული.ქოჩორაშვილი საქართველოს „ოქროს თაობას“ მიეკუთვნება, რომელშიც შედიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სპორტინგის“ ქართველი ახალწვეული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა ქართულ მედიაში. ეროვნული ნაკრების ბანაკში მას „კაპიტან ამერიკას“ უწოდებენ და ქართველ გულშემატკივრებს შორის თითქმის ხელშეუხებელი სტატუსი აქვს“, – წერს გამოცემა.„ა ბოლამ“ გამოაქვეყნა გიორგი ჭელიძის, ფეხბურთელის ბავშვობის მწვრთნელის ინტერვიუც, რომელიც მას „საბურთალოში“ (დღევანდელ „იბერიაში“) ავარჯიშებდა:„ის საქართველოს სიამაყეა და მთელი ქვეყანა მასით აღფრთოვანებულია. პატარა ბავშვები ცდილობენ, მიბაძონ და მის კვალს გაჰყვნენ. გიორგის მაგალითმა უამრავი ბავშვი შთააგონა. ის არის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სახე და ახალგაზრდებზე მისი გავლენა უდავოა.უკან რომ გავიხედოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრმა, ვინც მასში ეჭვი შეიტანა მასში, ახლა თავისი შეცდომა კარგად იცის. ნიჭი მხოლოდ მაშინ ღირს რამედ, როცა შრომისმოყვარეობას ახლავს. გიორგისთვის ეს პერიოდი რთული იყო, მაგრამ სწორედ ამ სირთულეებმა გააძლიერა — როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. მან აჩვენა გამძლეობა, მებრძოლი სული და ურყევი მონდომება. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მოთმინება იყო მთავარი და დრო მის ღირებულებას აუცილებლად გამოავლენდა. დღეს ის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.ქოჩორაშვილი „იბერიის“ საფეხბურთო აკადემიაში სწავლობდა ესპანელ სპეციალისტ ანდრეს კარასკოსთან, რომელმაც მას ესპანური სტილით თამაში შეასწავლა და შემდგომ „ჟირონაში“ გადასვლაშიც დაეხმარა.მე თავადაც ჩართული ვიყავი ამ ესპანური მეთოდოლოგიის დანერგვაში, რაც გიორგის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ესპანური ფეხბურთის პრინციპები მისთვის უცხო არ იყო. რასაც მან „ლევანტეში“ მიაღწია, ნათელი მაგალითია მისი შრომისმოყვარეობისა. ქოჩორაშვილი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი ადაპტაციის უნარი წარმატების მთავარ ფაქტორად იქცა.გიორგი გამორჩეული იყო სწავლის უნარით, დისციპლინითა და ორგანიზებულობით. ის ბუნებრივად ლიდერი გახლდათ — მოტივატორი და თანაგუნდელების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი. მისი პროფესიონალიზმი მოედანზე და მის მიღმა წარმატების საყრდენად იქცა. მშვენიერ ოჯახში გაიზარდა, მშობლებისა და დის მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა იმ ადამიანისა და მოთამაშის ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს არის“, – ამბობს ჭელიძე.

ბოლო სიახლეები