რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში ტალიავინის დასკვნის პროექტში ეწერა ეკოდანაშაულიც, რომელიც არის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, თუმცა ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.
მისი თქმით, ტალიავინის დასკვნაში მსგავსი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ რამდენიმე მილიარდის გადახდა დაეკისრებოდა.
„ტალიავინის კომისიამ მუშაობის პროცესში რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული გამოკვეთა. ამ კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული მიუძღვის არაადეკვატური ძალის გამოყენების ნაწილში, ასევე პროექტში ეწერათ, რომ რუსეთმა ეკოდანაშაული ჩაიდინა – ეს არის ბორჯომის ხე-ტყის პარკის დაწვა. რუსეთს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას მოუწევდა, ეკოდანაშაულის ჩადენაზე რამდენიმე მილიარდის, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, საქართველოს სასარგებლოდ გადახდა მოუწევდა. და უცებ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან და აცხადებენ, მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ არ გათქვეს, რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდით. მანამდე, არც კეხვის, არც თამარაშენის სოფელი არ გახსენებიათ. ტალიავინის კომისიას ეს მასალა წარედგინა და რუსეთს ეკოდანაშაულზე ბრალდება მოეხსნა. როდესაც შენ მწვანე საფარს იყენებ საბრძოლო მასალების შესანახად, სამხედრო სამართალშია ასეა, პასუხისმგებლობისგან ის თავისუფლდება. ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს,“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.