სამშაბათი, ივნისი 17, 2025

ალექსანდრე ტაბატაძე – საოკუპაციო ხაზს როცა ეხება საქმე, ყველა ეტაპი უნდა შეთანხმდეს, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული და ცუდი შედეგი მივიღეთ

2019 წელს ვიყავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით მსჯელობა როდესაც მიმდინარეობდა, ასე თუ ისე, ვიცოდი ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. ეს იყო პროკურატურაში ჩემი დაბარების მიზეზი და მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას როგორც საოკუპაციო ხაზზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ძალიან ბევრი ფორმატი. იცით, როდესაც ხდება ადამიანების მოტაცება, მათ ურთიერთობა აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისინი მონაწილეობას იღებენ ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო ფორმატში, სადაც მუდმივად ახსენებენ ანგარიშს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, რომელი დეპარტამენტიც განსაზღვრავს საოკუპაციო მიმართულებაზე არსებულ მდგომარეობას, ის უზრუნველყოფილია სხვა დანაყოფების მხრიდან შესაბამისი ინფორმაციებით. ამიტომ, თავიდან ბოლომდე უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი არის სუს-ი. რა თქმა უნდა, ამავდროულად, არის შსს, რომელსაც საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ჰყავს გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ როგორც მოძრავი სახით პატრულირებას, ასევე საგუშაგოებს. მანამდეც მოხდა ასეთი შეთანხმება. რა თქმა უნდა, იქაც იყო წინააღმდეგობები, ამას არ ეთანხმებოდა სეპარატისტული ხელისუფლება, არ ეთანხმებოდა რუსეთის მხარე, მაგრამ ჩვენ შევძელით, რადგან ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ქართული მხარის, ისე ოსური, სიმშვიდის შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. ჩორჩანაზეც რომ ყოფილიყო კოორდინაცია ყველა ამ სამსახურთან, ვფიქრობ, გარკვეული ეტაპის განხორციელების შემდეგ, ჩვენს მიზანს მივაღწევდით. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო, მოხდა ნაუცბათევად. სუს-ი არ ეთანხმებოდა, არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.

ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი. 100 ჰექტარი ტყე არის – მილიონი კვადრატული მეტრი, ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დავდგით ერთი საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა ხუთი საგუშაგო და ერთი მოძრავი პოსტი. ეს მივიღეთ და ეს რეალობა გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ იყო გარკვეული ეტაპები. შეთანხმებული იყო, რომ გზის გარკვეული ნაწილი უნდა მოწესრიგებულიყო. მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და საგუშაგოს როლი საოკუპაციო ხაზთან, მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. ეს სხვა მიმართულებაა და პატრულირება – სხვა. ყველა ეტაპი, როდესაც საქმე ეხება საოკუპაციო ხაზს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იქნას შეთანხმებული, შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი და შესაბამისად განხორციელებული. მე გავიგე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმართებოდა უფროსთან შეკრებები, ვნახეთ, რომ მდგომარეობა დაიძაბა, სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს და ასე შემდეგ. ამის მერე უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო დეესკალაციის თვალსაზრისით. ეს იყო რეალური ინფორმაცია. მე არ მქონდა ბახტაძესთან წვდომა, ვახტანგ გომელაურმაც მოგახსენათ, რომ ყველა საჯარო პირი, ვისაც უნდა სცდონოდა აღნიშნული ინფორმაცია, იყო ინფორმირებული. ჯერჯერობით ვითარების შეცვლა ვერ მოხერხდა. ფაქტობრივი, რეალური მოცემულობაა, რომ იქ ვეღარ შედის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იქამდე შედიოდა, გარკვეული საძოვრები იყო, ტყით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, უკვე საოკუპაციო ხაზი გადმოწეულია. უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება, ეს რუკაზე ვიხილოთ, ზუსტად ნახავთ, რა მდგომარეობა იყო“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კითხვაზე, შეიკრიბა თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არ არის პანაცეა. „რაც საჭიროა, ის გაკეთდა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ავიცილეთ საშიშროება, არ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „რატომ დანიშნეთ პრემიერად ორ კვირაში ადამიანი, ვინც ცეცხლის გახსნის საფრთხე შექმნა?“, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა:

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთსაც გეტყვით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 2022 წლიდან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს ყველა გონივრულ რეკომენდაციაში, რომელსაც გვაძლევდნენ. ამის მეტს აღარ გავაგრძელებ“.

მედიის წარმომადგენლებმა ალექსანდრე ტაბატაძეს ჰკითხეს: „ოსები როდესაც ხაზებს ავლებდნენ, ხელისუფლება მუდამ ამბობდა, ოკუპანტები ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებს მიუყვებიანო. ჩორჩანას ტყე, რასაც გახარიას ედავებით, ამ ადმინისტრაციული საზღვრის ნაწილია?“, რაზეც ტაბატაძემ უპასუხა, რომ, პრაქტიკულად, ეს არის ახალი დაკარგული ტერიტორია.

საქართველოს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებმა ალექსანდრე ტაბატაძეს ასევე ჰკითხეს, „ჩორჩანას საგუშაგო რომ არ ჩადგმულიყო, ოსები და რუსები საზღვრებს არ გაავლებდნენ?“, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა:

„ასეთი მოცემულობა იყო. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ერთი საგუშაგოს ნაცვლად იქ მივიღეთ ხუთი საგუშაგო, ტყეში ოთხი საავტომობილო გზა გაჭრილი და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის სამწუხარო ამბავი. ამ რეალობას ვერ გავექცევით. ვწუხვართ და ზუსტად ამაზე გვქონდა უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის, რისი შენარჩუნებაც შეგვეძლო“.

სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში 14 ივნისს გამოკითხვაზე იმყოფებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ამავე საკითხთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში ასევე დაბარებულია კახი კახიშვილი, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.ალექსანდრე ლომიძე 17 ივნისს, 11:00 საათზე, მაია ცქიტიშვილი კი 18:00 საათზე მივა.შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

🎥ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 16 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.ვრცლად ↓

„ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – იაგო ხვიჩია

„ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე ხშირად ვამბობ ამას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული - არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ პირიქით ვიზამთ ამას, მაშინ კი... ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია. ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირავოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზრზე მოვიდეს“,  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორებიცაა ლოს ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ იორკი“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ გვერდზე „თრუს სოშიალში“.ტრამპის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, წარმოადგენენ „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.ცნობისთვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებმა მიგრანტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.ბოლო რამდენიმე კვირაა, აშშ-ში მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოს ანჯელესში დემონსტრაციების ფონზე არეულობა დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ტრამპმა ლოს ანჯელესში მომხდარს „არალეგალი მიგრანტების მხრიდან ოკუპაცია“ უწოდა და შტატში ეროვნული გვარდია და სამხედრო ქვეითები გაგზავნა.

ირანის სახელმწიფო მედია – ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „სიენენი“ წერს, ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr News-ის ცნობით, ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელის ქალაქების – ჰაიფასა და თელ ავივის მიმართულებით.შეგახსენებთ, მანამდე ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ბოლო სიახლეები