შაბათი, ივნისი 14, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრ ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატზე, 90 კგ და 60+ კგ წონით კატეგორიებში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებისა და მისი წევრის, ლაშა მაისურაძის უდიდესი გამარჯვება და ზოგადად, საერთაშორისო ტურნირებში ქართველ პარასპორტსმენთა წარმატებული ასპარეზობა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს.

„ღრმა პატივისცემითა და სიამაყით გამსჭვალული ვულოცავ პარამკლავჭიდელ ლაშა მაისურაძეს, ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს – ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ უდიდეს გამარჯვებას! ოთხი ოქროს მედლის დაუფლება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ნათლად მეტყველებს მის განსაკუთრებულ ნიჭზე, შრომისმოყვარეობასა და შეუპოვრობაზე. ჩვენი პარასპორტსმენების წარმატებას სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს. პარასპორტი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა ადამიანური სიმტკიცისა და შეუპოვრობისა. ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე აჩვენა, მხოლოდ დაუღალავი შრომით, უდიდესი სიმტკიცითა და ნებისყოფით მიიღწევა. ქართველ პარამკლავჭიდელთა და მათ შორის ლაშა მაისურაძის გამარჯვება გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი წარმატება გამოწვევების დაძლევისკენ ორიენტირებულ სწრაფვაშია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ლაშა მაისურაძეს დიდებულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს აკადემიურ და სპორტულ ასპარეზზე“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით – 126 მედლით დაასრულა. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქრო, 46 ვერცხლი და 24 ბრინჯაო მოიპოვეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 იწყება – ტურნირის მონაწილეებს შორის ხვიჩა კვარაცხელია და შთამბეჭდავი საპრიზო ფონდი

აშშ-ში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იწყება. 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ტურნირის ყველა, 63 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ექსკლუზიურად პირველი არხის პლატფორმებზე იხილავთ.ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფა-ს ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, ეს ტურნირი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია და ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ მუნდიალს. ტურნირის ისტორიამსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფიფა-მ პირველად 2000 წელს ჩაატარა. გათამაშება ბრაზილიური „კორინთიანსის“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ტურნირზე მხოლოდ 6-7 გუნდი მონაწილეობდა და შეჯიბრება გულშემატკივართა შორის პოპულარობით ვერ სარგებლობდა. მასში, ძირითადად, სხვადასხვა კონფედერაციის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონები თამაშობდნენ.ყველაზე მეტჯერ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის „რეალმა“ მოიგო (ხუთჯერ), ხოლო მოქმედი გამარჯვებული „მანჩესტერ სიტია“, რომელიც ტიტულს 2023 წელს დაეუფლა. ჯამში, გათამაშება ევროპული გუნდების ჩემპიონობით 16-ჯერ დასრულდა, სამხრეთ ამერიკელებმა კი ტიტული ოთხჯერ მოიპოვეს. სხვა კონფედერაციის წარმომადგენელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არ მოუგია. 2025 წლის ტურნირის მონაწილეები:მონაწილეები რვა ჯგუფში გადანაწილდებიან, თითოეულში ოთხი გუნდი. მერვედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ასე დაწყვილდებიან ჯგუფებიდან გასული გუნდები მერვედფინალში.ევროპა (უეფა) – 12 გუნდი: „რეალ მადრიდი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), „ჩელსი“ (ინგლისი), „ინტერი“ (იტალია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „პორტუ“ (პორტუგალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „იუვენტუსი“ (იტალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია).კონმებოლ-ი (სამხრეთ ამერიკა) – 6 გუნდი: „პალმეირასი“, „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“, „ბოტაფოგო“, „რივერ პლეიტი“, „ბოკა ხუნიორსი“ (ყველა – ბრაზილია ან არგენტინა)კონკაკაფ-ი (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) – 4 გუნდი: „მონტერეი“ (მექსიკა), „სიეტლ სანდერსი“ (აშშ), „პაჩუკა“ (მექსიკა), „ლოს ანჯელესი“ (აშშ)აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია – 4 გუნდი: „ალ აჰლი“ (ეგვიპტე), „უიდადი“ (მაროკო), „ესპერანსი“ (ტუნისი), „მამელოდი სანდაუნსი“ (სამხრეთ აფრიკა)აზიის ფეხბურთის კონფედერაცია – 4 გუნდი: „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „ალ აინი“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები), „ულსანი“ (სამხრეთ კორეა), „ურავა“ (იაპონია)ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია – ერთი გუნდი: „ოკლენდ სიტი“ (ახალი ზელანდია)მასპინძლის სტატუსით – ერთი გუნდი: „ინტერ მაიამი“ (MLS-ის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი) მასპინძელი ქალაქები და სტადიონები:ტურნირს აშშ-ის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ორი სტადიონით მხოლოდ ერთი ქალაქი, ორლანდოა წარმოდგენილი. გახსნის მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე მაიამიში „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შორის შედგება, ხოლო 13 ივლისს ფინალური მატჩის ჩატარება ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზეა დაგეგმილი, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არენაზე შედგება 2026 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც. საპრიზო ფონდიფიფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებული, დაახლოებით, 125 მილიონ დოლარს მიიღებს. 575 მილიონი მონაწილე გუნდებზე განსხვავებული პროპორციით გაიცემა, ხოლო 425 მილიონი შედეგების მიხედვით განაწილდება (მასში შედის ჩემპიონის 125 მილიონი დოლარიც).ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩები. პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს.პსჟ ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.წყარო:1tv.ge  

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები