ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც, Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა.

ტოპ 10-ში რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ, „კვარა“ მე-11 ადგილიდან მეშვიდეზე გადავიდა, „სელესაოს“ ტრიუმფის შემდეგ კი, მეცხრეზე იმყოფება.

24 წლის გარემარბს პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა, ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა გადაუსწრეს. „კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის, პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ევროტურნირზე, კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარა ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“, – წერს Goal-ი.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, ცნობილი გამოცემის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე, 2) ლამინ იამალი, 3) რაფინია, 4) მოჰამედ სალაჰი, 5) კილიან მბაპე, 6) ვიტინია, 7) ნუნუ მენდეში, 8) დეზირე დუე, 9) ხვიჩა კვარაცხელია, 10) აშრაფ ჰაკიმი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეუჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გაკეთებულ განცხადებას, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.„ქართველები პოლონეთში დანაშაულს მართლაც სჩადიან, მაგრამ გაცილებით ნაკლები არიან რაოდენობრივად, ვიდრე სხვა არაერთი. ვფიქრობ, ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა, რადგან სეიმში საკმაოდ მძიმე განხილვა იყო ნდობასთან დაკავშირებით და არსებულ მთავრობას ნდობა მცირე უპირატესობით გამოუცხადეს.დონალდ ტუსკის ეს ხისტი განცხადება მნიშვნელოვანწილად ამ ვითარების გამოძახილია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხო ქვეყანაში როცა ხარ, რასაკვირველია, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, ყოველ შემთხვევაში, მთელი ერი მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო. ყველაზე ხშირი დანაშაული არის ქურდობა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და ნარკოტიკები. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მახასიათებელი არ არის მხოლოდ ქართველისთვის. რასაკვირველია, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი პოლიტიკურია. არაადეკვატური განცხადებაა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერონ, ეს შეუსაბამო, პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის, ანტიქართული და მტრული განცხადებაა. ეს განპირობებულია იმ ვითარებით, რაც პოლონეთშია – ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი არ იყო არჩეული და ნდობაზე სეიმში მძიმე განხილვა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„აჰმადაბად-ლონდონის რეისის 242-მგზავრიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა…“ – რა ხდება ავიაკატასტროფის ადგილზე

ამ წუთებში, მსოფლიო ყურადღება ქალაქ აჰმედაბადისკენაა, სადაც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავზე 130-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა და აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადამიანები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაჰყავთ.

სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი, მოვსეს სააკიანი – ფაშინიანი ეკლესიასთან ემოციურ ომს აწარმოებს, შედეგი პროგნოზირებადია, შეტაკება სულიერი ცენტრის კართან, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული

ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიასთან ემოციურ ომს აწარმოებს, რომელიც მიმართულია მორწმუნე ხალხის ერთიანობის წინააღმდეგ და საბოლოო შედეგი პროგნოზირებადია: შეტაკება ჩვენი სულიერი ცენტრის კართან, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული, – ამის შესახებ სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირმა, მოვსეს სააკიანმა განაცხადა.სომხეთის ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ცდილობს, წმინდა ეჩმიაძინი საჯარო დაპირისპირების პლატფორმად აქციოს, ასევე, სასულიერო პირების დისკრედიტაციას და საზოგადოების გახლეჩას, ეს ჩვეულებრივი უთანხმოება არ არის.„ეს ნებისმიერ ფასად უნდა იქნეს აცილებული. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავჩუმდეთ? არა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი და მტკიცე. დღეს ჩვენგან სულიერი წინააღმდეგობაა საჭირო. დღეს მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება: დავრჩეთ ჩვენს ადგილას და პოზიციებზე. არანაირი პანიკა, არანაირი ყვირილი, არანაირი შურისძიება. მხოლოდ სიმშვიდე, მტკიცე რწმენა და უპირობო ნდობა ღმერთის მიმართ. ყველას, ვისაც სწამს ღვთაებრივი განგებულების, არ შეუძლია, დუმდეს ტყუილისა და პროვოკაციის წინაშე. დავიცვათ სიწმინდე სიყვარულით, ეკლესია – მშვიდობით და ჩვენი ერთობა – ჭეშმარიტებით“, – განაცხადა მოვსეს სააკიანმა.

გრიგოლ გეგელია – ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე რეალურია, სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი სერიოზულად განიხილავს საკითხის დაყენებას, რაზეც პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“

ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და მზარდი. არსებობს სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ საკითხის დაყენებას და ვისმენთ, რომ ეს არის პასუხი იმ ავტორიტარიზმზე, რაც დღეს ტრიალებს საქართველოში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.გეგელიას თქმით, პასუხისმგებლობა კონკრეტულად არის „ქართულ ოცნებაზე“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს.„ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა როგორც ერმა, დავკარგოთ ის პრივილეგია და ფუფუნება, რასაც წარმოადგენს ვიზალიბერალიზაცია. პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადოს, საქართველომ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, პირიქით ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება, ურთიერთობებიც გაუარესდეს და რაც შეიძლება მალე, მილიონობით ქართველმა დავკარგოთ ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს ანიჭებს საშუალებას, იმგზავროს ევროკავშირის მასშტაბით, აწარმოოს საქმიანი ურთიერთობები, მეგობრობა, ნახოს ახლობლები, ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები. ამას გვართმევს „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით მიზანმიმართულად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ლევან იოსელიანი – სტრასბურგის სასამართლო არ იცავს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას, ეს არის სტანდარტი, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე

სტრასბურგის სასამართლო არ იცავს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას, ეს არის სტანდარტი, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.ჟურნალისტმა ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვა, თუ როგორ შეაფასებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო, სასამართლოში ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაბარებას. საპასუხოდ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეებში სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე.„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, მიუღებელი ან შოკისმომგვრელიც შეიძლება რომ იყოს. თუმცა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ იცავს სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. ამაზე არაერთი გადაწყვეტილება არის მიღებული მათ შორის, სტრასბურგში და ასე განიმარტება კონვენციის მე-10 მუხლი. ამიტომ, ეს არის ის სტანდარტი, რასაც სასამართლო იყენებს და დანარჩენი უკვე დამოკიდებულია ადგილობრივ, ჩვენს სასამართლოში რა მტკიცებულებები იქნებოდა წარდგენილი კონკრეტულ საქმეებზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

ბოლო სიახლეები