ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა შედგა. უკრაინამ დაიბრუნა მძიმე ავადმყოფებისა და დაჭრილი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი.„დღეს სახლში დაბრუნდნენ ჩვენი არმიის მებრძოლები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები. ყველას სჭირდება მკურნალობა და მათ აუცილებლად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას. ეს მძიმედ დაჭრილებისა და მძიმე ავადმყოფების დაბრუნების უკვე მეორე ეტაპია“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.დღეს ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროების ნაწილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ გათავისუფლებულები გაივლიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.უკრაინის ტყვეობიდან სამხედროების მესამე ჯგუფის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების განცხადებით, ამჟამად გათავისუფლებული რუსი ჯარისკაცები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც მათ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.2 ივნისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ყველა მძიმედ დაჭრილი და 18-დან 25 წლამდე სამხედროს გაცვლაზე, ასევე სამხედროების ცხედრების დაბრუნებაზე ფორმულით – ექვსი ათასი ექვსი ათასზე.11 ივნისს უკრაინამ დაიბრუნა 1 212 სამხედროს ცხედარი. მანამდე კი მოხდა 25-წლამდე ჯარისკაცების, ასევე მძიმედ დაჭრილებისა და ავადმყოფთა გაცვლა. უკრაინის საკოორდინაციო შტაბში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, გათავისუფლებულების ზუსტ რაოდენობას გაცვლის პროცესის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებენ.

გია ვოლსკი – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეუჩერებაზე ტუსკის განცხადება არაადეკვატური, ანტიქართული და მტრულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გაკეთებულ განცხადებას, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.„ქართველები პოლონეთში დანაშაულს მართლაც სჩადიან, მაგრამ გაცილებით ნაკლები არიან რაოდენობრივად, ვიდრე სხვა არაერთი. ვფიქრობ, ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა, რადგან სეიმში საკმაოდ მძიმე განხილვა იყო ნდობასთან დაკავშირებით და არსებულ მთავრობას ნდობა მცირე უპირატესობით გამოუცხადეს.დონალდ ტუსკის ეს ხისტი განცხადება მნიშვნელოვანწილად ამ ვითარების გამოძახილია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხო ქვეყანაში როცა ხარ, რასაკვირველია, დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, ყოველ შემთხვევაში, მთელი ერი მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო. ყველაზე ხშირი დანაშაული არის ქურდობა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და ნარკოტიკები. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მახასიათებელი არ არის მხოლოდ ქართველისთვის. რასაკვირველია, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი პოლიტიკურია. არაადეკვატური განცხადებაა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერონ, ეს შეუსაბამო, პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის, ანტიქართული და მტრული განცხადებაა. ეს განპირობებულია იმ ვითარებით, რაც პოლონეთშია – ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი არ იყო არჩეული და ნდობაზე სეიმში მძიმე განხილვა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„აჰმადაბად-ლონდონის რეისის 242-მგზავრიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა…“ – რა ხდება ავიაკატასტროფის ადგილზე

ამ წუთებში, მსოფლიო ყურადღება ქალაქ აჰმედაბადისკენაა, სადაც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავზე 130-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა და აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადამიანები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაჰყავთ.

სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი, მოვსეს სააკიანი – ფაშინიანი ეკლესიასთან ემოციურ ომს აწარმოებს, შედეგი პროგნოზირებადია, შეტაკება სულიერი ცენტრის კართან, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული

ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიასთან ემოციურ ომს აწარმოებს, რომელიც მიმართულია მორწმუნე ხალხის ერთიანობის წინააღმდეგ და საბოლოო შედეგი პროგნოზირებადია: შეტაკება ჩვენი სულიერი ცენტრის კართან, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული, – ამის შესახებ სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირმა, მოვსეს სააკიანმა განაცხადა.სომხეთის ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ცდილობს, წმინდა ეჩმიაძინი საჯარო დაპირისპირების პლატფორმად აქციოს, ასევე, სასულიერო პირების დისკრედიტაციას და საზოგადოების გახლეჩას, ეს ჩვეულებრივი უთანხმოება არ არის.„ეს ნებისმიერ ფასად უნდა იქნეს აცილებული. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავჩუმდეთ? არა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი და მტკიცე. დღეს ჩვენგან სულიერი წინააღმდეგობაა საჭირო. დღეს მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება: დავრჩეთ ჩვენს ადგილას და პოზიციებზე. არანაირი პანიკა, არანაირი ყვირილი, არანაირი შურისძიება. მხოლოდ სიმშვიდე, მტკიცე რწმენა და უპირობო ნდობა ღმერთის მიმართ. ყველას, ვისაც სწამს ღვთაებრივი განგებულების, არ შეუძლია, დუმდეს ტყუილისა და პროვოკაციის წინაშე. დავიცვათ სიწმინდე სიყვარულით, ეკლესია – მშვიდობით და ჩვენი ერთობა – ჭეშმარიტებით“, – განაცხადა მოვსეს სააკიანმა.

გრიგოლ გეგელია – ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე რეალურია, სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი სერიოზულად განიხილავს საკითხის დაყენებას, რაზეც პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“

ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და მზარდი. არსებობს სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ საკითხის დაყენებას და ვისმენთ, რომ ეს არის პასუხი იმ ავტორიტარიზმზე, რაც დღეს ტრიალებს საქართველოში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.გეგელიას თქმით, პასუხისმგებლობა კონკრეტულად არის „ქართულ ოცნებაზე“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს.„ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა როგორც ერმა, დავკარგოთ ის პრივილეგია და ფუფუნება, რასაც წარმოადგენს ვიზალიბერალიზაცია. პასუხისმგებლობა კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზეა“, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რათა ცვლილების კურსი შესთავაზოს ან ქართულ საზოგადოებას, ან ევროპელ მეგობრებს. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადოს, საქართველომ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, პირიქით ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება, ურთიერთობებიც გაუარესდეს და რაც შეიძლება მალე, მილიონობით ქართველმა დავკარგოთ ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს ანიჭებს საშუალებას, იმგზავროს ევროკავშირის მასშტაბით, აწარმოოს საქმიანი ურთიერთობები, მეგობრობა, ნახოს ახლობლები, ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები. ამას გვართმევს „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით მიზანმიმართულად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ბოლო სიახლეები