მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება.
„მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. რაც შეეხება მონაზონს, ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, – განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.
ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.