„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემს მეუღლეს ჩვენს საცხოვრებელთან ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. ეს ხუთი პირი მას თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს ავტომანქანაში, აუხვიეს თვალები, თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია, დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, ათი წლის შვილის სკოლის და 2,5 წლის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ დროის განმავლობაში ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.